რექტორები

სხვადასხვა დროს გორის უნივერსიტეტის რექტორები იყვნენ:

 

გაბრიელ (გაბო) თათარაშვილი    

1935 წლის 1 აგვისტოს გორის სამსაწავლებლო ინსტიტუტის პირველ დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა (33 წლის) დოცენტი გაბრიელ (გაბო) თათარაშვილი. მას უკვე გააჩნდა გარკვეული პედაგოგიური სტაჟი. იყო თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტების კურსდამთავრებული. მუშაობდა სოფ. მეჯვრისხევისა და ზემო ხვედურეთის სკოლებში პედაგოგად და გამგედ. 1933 წლიდან იყო გორის სამასწავლებლო ტექნიკუმის დირექტორი, ხოლო 1934 წლიდან გორის განათლების რაიონული განყოფილების გამგე. გააჩნდა პარტიული გამოცდილება. მეუღლე - ქეთევან კასრაძე, რომელიც დედის მხრიდან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის შთამომავალი იყო.

1937 წლის აგვისტოში ინსტიტუტის პირველი დირექტორის გაბრიელ (გაბო) თათარაშვილის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. დაპატიმრების ზუსტი თარიღის დადგენა ინსტიტუტის ბრძანებების წიგნში დაფიქსირებული ხელმოწერებზე დაკვირვებით ხდება შესაძლებელი. 18 აგვისტოდან - 1 სექტემბრამდე (#90-96) ბრძანებებზე უკვე თათარაშვილის ნაცვლად ალ. მოსიავას ხელმოწერებია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია დოკუმენტი, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისარიატის 1938 წლის 5 მაისის სხდომის #113 ოქმი - მომხსენებელმა ოვიანმა სამეულს წარუდგინა ბრალდებულ თათარაშვილის სისხლის სამართლის საქმე 10379. მასში აღნიშნულია: ,,გაბრიელ ივანეს ძე თათარაშვილი, 1902 წელს დაბადებული, გორის მკვიდრი, გლეხთა წრიდან, ქართველი, სსრ კავშირის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, მოსამსახურე, პროფესიით პედაგოგი, საკ. კპ (ბ) ყოფილი წევრი 1931 წლიდან, გარიცხული 1937 წელს დაპატიმრების გამო. დაპატიმრებამდე გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორი. ბრალი ედება მასში, რომ არის მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას გორის სამასწავლებლო ინსტიტუტში”.
განაჩენი - „დაიხვრიტოს“

 

გიორგი ხარაული

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, გორის ნ. .ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი 1938-1973 წლებში.
1925 წელს დაამთავრა გორის ჰუმანიტარული ტექნიკუმი, 1927 წელს კი - ორწლიანი პედაგოგიური სასწავლებელი. 1927 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1936 წელს დაამთავრა მოსკოვის გეოფიზიკის ინსტიტუტის თეორიული სექტორის ასპირანტურა.
დოც. გ. ხარაული თითქმის 35 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ამ უმაღლეს სასწავლებელში კვალიფიციური პედაგოგიური კადრების აღზრდის საქმეს. გიორგი ხარაულის ხელმძღვანელობით გადაიქცა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი მაღვალკვალიფიციური მასწავლებლების, მეცნიერების, კულტურისა და განათლების მძლავრ კერად. დოც. გ. ხარაულის თაოსნობით შეიქმნა ინსტიტუტში სათანადო სასწავლო-მატერიალური ბაზა, გორის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა რესპუბლიკაში ერთ-ერთ ძლიერ უმაღლეს სასწავლებლად. განსაკუთრებით დიდია გ. ხარაულის ღვაწლი ინსტიტუტში ცალკეული დარგობრივი კათედრებისა და სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების ჩამოყალიბებაში. სტუდენტთა პროფესიულ მომზადებასთან ერთად გ. ხარაული განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ აღზრდას, რის შედეგადაც არაერთი შემოქმედი და სახელოვანი ფალავანი აღიზარდა.
დოც. გ. ხარაული ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვდა მრავალი მედლით, დიპლომითა და სიგელით.

რევაზ კანდელაკი

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი, 20-ზე მეტი სამეცნიერო-მეთოდური შრომის ავტორი.
1953 წლიდან 1977 წლამდე მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ამავდროულად ეწეოდა სამეცნიერ-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
დოც. რ. კანდელაკი 1977-1985 წლებში მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად, რეორგანიზაციის შემდეგ - გორის ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორად (1985-1989 წწ.).
დოც. რ. კანდელაკი რექტორად მუშაობის პერიოდში უშუალო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინსტიტუტის მატერიალური ბაზის გაუმჯობესებაში, ზრუნავდა ინსტიტუტის პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ზრდაზე.

ინსტიტუტში რუსული სექტორის დასწრებულ და დაუსწრებელ განყოფილებებზე მას მიჰყავდა ეკონომიკური ისტორიის კურსი, ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას.

გედევან ხელაია

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1949 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. იმავე წელს დატოვეს კათედრაზე. დაიცვა საკანდიდატო (1964 წ.) და სადოქტორო (1985 წ.) დისერტაციები, მიენიჭა დოცენტის (1970 წ.) და პროფესორის (1987 წ.) სამეცნიერო წოდებები. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრაზე გაიარა გზა ლაბორანტიდან კათედრის გამგის თანამდებობამდე.
1989 წელს აირჩიეს გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორად. 1999-2004 წლებში პროფ. გ. ხელაია იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
პროფ. გ. ხელაია 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, 15 მონოგრაფიის, რამდენიმე სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია.
პროფ. გ. ხელაიას კვლევით სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია საბაზრო ურთიერთობების პირობებში ფულის მიმოქცევისა და საკრედიტო პრობლემების საკითხები, რომლებსაც არაერთი სახელმძღვანელო და მონოგრაფია მიუძღვნა.

ვიანორ ახალაია

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის (შემდეგ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის) რექტორი 1999-2006 წლებში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ასპირანტურა; პარალელურად მუშაობდა უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწედ. 1973-1976 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ ”სამშობლოსთან”. 1975 წლიდან კი მუშაობას იწყებს ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. 1999 წელს ვ. ახალაია ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად აირჩიეს (მანამდე ინსტიტუტში მუშაობდა სასწავლო და სამეცნიერო დარგის პრორექტორად, შემდეგ კი ასრულებდა რექტორის მოვალეობას). ეს იყო წლები, როდესაც არსებული მძიმე რეალობიდან გამომდინარე, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის დევნილი, ქართული სექტორი ფუნქციონირებდა გორში. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 2000 წელს ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. პროფ. ვ. ახალია 16 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ამ უმაღლეს სასწავლებელს.
პროფ. ვ. ახალაია არის ორი მონოგრაფიის (”უიარაღოს თხზულებათა ენა და სტილი”, ”ზანური ჰიპოტაქსის ძირითადი საკითხები”), არაერთი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი.

კლარა ელჩიბეგაშვილი

ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი - დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1968 წლიდან კ. ელჩიბეგაშვილი მუშაობდა ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - დოცენტად. მრავალი წლის განმავლობაში იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. პარალელურად იკავებდა ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობას.
პროფ. კ. ელჩიბეგაშვილი არის ორი მონოგრაფიისა და 21 სამეცნიერო შრომის ავტორი. 2004-2005 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (პირველი პირის ხელმოწერის უფლებით), 2005-2006 წლებში ასრულებდა რექტორის მოვალეობას, შემდეგ კი აირჩიეს რექტორის თანამდებობაზე, რომელსაც ის იკავებდა 2007 წლის სექტემბრამდე.

ზაზა ცოტნიაშვილი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი ცხინვალის სახელმწიფო და ყოფილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული სსიპ-გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორი 2007-2010 წლების განმავლობაში, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2006-2007 წლებში. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა უახლესი ქართული ლიტერატურის სპეციალობით. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - ,,XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ნოველა“ (ქართული ლიტერატურა), 2005 წელს - სადოქტორო დისერტაცია -,,ქართულ-ოსური ურთიერთობის ასახვა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე“ (ჟურნალისტიკა, პოლიტიკა). გაიარა გადამზადების კურსები მართვის ევროპულ უმაღლეს სკოლა ESM-თბილისში მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სპეციალობებით.
ზაზა ცოტნიაშვილი არის 3 მონოგრაფიის, 27 სამეცნიერო სტატიის, ორას ათეულზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.

ალექსანდრე მღებრიშვილი

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. 1997 წელს დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი (1998-1999). 1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია. 2005 წელს აპრობაცია გაიარა მისმა სადოქტორო ნაშრომმა - ,,XX საუკუნის ქართულ-ოსურ-ებრაული ურთიერთობები“. 2000 წლიდან დღემდე ჯერ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, რელიგიისა და კულტურის მასწავლებლად (1995-1997); იყო გორის №5 საჯარო სკოლის დირექტორი (2006-2010); საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1998 წლიდან); საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ცხინვალის განყოფილების წევრი (2000); ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2003-2006); ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (2003-2005); ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2007); გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2008-2010); საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (2016 წლიდან); გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2010); გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი (2011-2019); გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი (2019); გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი 2019 წლიდან); საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2019 წლიდან); მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია (2019); უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მადლობის სიგელი (საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციური სტრატეგიების განვითარების ხელშეწყობის და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილებისთვის) / (Наказ НЦ, “МАНУ”, вiд 03.09.2019 №154) (2019);

ალექსანდრე მღებრიშვილი არის 23 მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და ორ ასეულზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება...

20 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“

მიმდინარე წლის 11- 12 დეკემბერს გორის სახლმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო...

12 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა