მართვის ორგანოები
დანართი
სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მართვის ორგანოების არჩევის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი არეგულირებს სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) მართვის ორგანოების და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევის წესს.
მუხლი 2. არჩევნების გამოცხადება
1. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი (შემდგომში რექტორი).
2. რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.
3. ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს ნიშნავს ფაკულტეტის საბჭო.
4. განცხადება არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას უნივერსიტეტის თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის ფაკულტეტებზე, აგრეთვე უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
მუხლი 3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია
1. უნივერსიტეტში, არჩევნების ჩატარების მიზნით, იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია ჩაატაროს ყველა ის არჩევნები/კონკურსები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტში მიღებული სამართლებრივი აქტებით გარდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მისაღებად, აგრეთვე სტუდენტური თვითმმართველობის ჩასატარებელი კონკურსებისა.
2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი და შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ და მტკიცდება წარმომადგენლობით საბჭოზე.
3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ინიშნება რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. კომისიის წევრად შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.
4. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა აკადემიური საბჭოს სხდომაზე, კომისიის შემადგენლობიდან. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს. ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.
7. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია დასკვნას ამტკიცებს ხმების უმრავლესობით ღია კენჭისყრით.
8. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მდივანსა და წევრებს თავისი ფუნქციების შესრულებისათვის, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, შეიძლება მიეცეს ანაზღაურება.
მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, აგრეთვე უნივერსიტეტის ან/და ფაკულტეტის მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი, აგრეთვე პირი, რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის მიმდინარე არჩევნებში/კონკურსებში კანდიდატის სტატუსით.
მუხლი 5. მართვის ორგანოების კანდიდატთა
რეგისტრაციის წესი
1. მართვის ორგანოების კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
2. მართვის ორგანოების კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება უნივერსიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია, მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ხარვეზი და უარი რეგისტრაციაზე განმცხადებელს მიეთითება კომისიის მიერ ტელეფონის საშუალებით, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ტელეფონოგრამა.
4. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი შეავსოს ამ წესით განსაზღვრულ ვადაში. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციის თაობაზე კანდიდატს შეუძლია უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში გაასაჩივროს შეტყობინების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაში.
მუხლი 6. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ წესის შესაბამისად.
2. წარმომადგენლობით საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტების ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი, ხოლო სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტების ყველა სტუდენტი.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.
მუხლი 7. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
1. წარმომადგენლობითი საბჭო ღია კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს სპიკერს და მდივანს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურებს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, იმავე დღეს, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი და არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. სპიკერის არჩევნებს ატარებს საარჩევნო კომისია.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.
მუხლი 8. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია და არჩევნების ჩატარება
1. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.
2. კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.
3. აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
მუხლი 9. რექტორის არჩევნების გამოცხადება
1. აკადემიური საბჭო აცხადებს რექტორის არჩევნებს და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში (არსებობის შემთხვევაში) და კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
3. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.
მუხლი 10. რექტორის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
1. კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც თავად ატარებს რეგისტრაციაში კანდიდატებს.
3. კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
4. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
მუხლი 11. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა
1. რექტორის არჩევამდე, კანდიდატურების განხილვისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
2. რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორის არჩევნების ჩატარებასა და კენჭისყრის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
მუხლი 12. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა
1. აკადემიური საბჭო აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ.
2. განცხადებაში აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
3. კანდიდატების რეგისტრაცია უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს 10 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია, 2 დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი.
4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს სხდომაზე, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, რომელსაც ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით ნიშნავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელს.
მუხლი 13. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
1. წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას, ამ წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, ამ წესით დადგენილ ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს სხვა ან იგივე კანდიდატურა.
4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ატარებს ამ წესით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
მუხლი 14. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატის მიერ პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის სავალდებულობა. განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. გადაწყვეტილებაში რეგისტრაციაზე უარის შესახებ მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
3. განცხადებების მიღების ვადის დასრულების შემდეგ აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ამტკიცებს კანდიდატურას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე. კენჭისყრის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.
6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებითი კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ვადები.
7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ტარდება ამ წესით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 15. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
1. ფაკულტეტის საბჭო აცხადებს დეკანის არჩევნებს და აქვეყნებს განცხადებას ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ.
2. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ბეჭდვით ორგანოში, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, შესაბამის ფაკულტეტზე.
3. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
4. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილ განცხადებებს განიხილავს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.
6. კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.
7. ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ფარულობას ფაკულტეტის საბჭოზე უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
მუხლი 16. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი წარმომადეგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატურებს.
2. ფაკულტეტს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა.
3. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენის შემდეგ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით.
4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში.
5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევის ფარულობას ფაკულტეტის საბჭოზე უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
მუხლი 17. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
1. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
2. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატებს, ფაკულტეტის ამომრჩევლებს უფლება აქვთ, გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად.
3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.
4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს.
5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია, განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა.
6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს უნივერსიტეტში ან ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ქონებას.
7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არა აქვს, დაუსაბუთებელი უარი განაცხადოს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის აუდიტორიებით, დარბაზებითა და უნივერსიტეტის სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის უნივერსიტეტის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში იგი საჩივრდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.
მუხლი 18. საარჩევნო ბიულეტენი
1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
2. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება უნივერსიტეტის მიერ ან მზადდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ, რომელზედაც პასუხისმგებელია უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
3. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
ა) უნივერსიტეტისა და შესაბამისი ორგანოს სახელწოდება;
ბ) მართვის ორგანო, რომლის არჩევნებისთვისაც არის იგი განკუთვნილი;
გ) არჩევნების თარიღი;
დ) მითითებას, თუ რამდენი კანდიდატი უნდა იქნეს არჩეული (შემოხაზული);
ე) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება აკადემიური პერსონალისათვის და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე და მასზე გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულისა, აგრეთვე აღნინიშნება აკადემიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი თუ სტუდენტებისათვის.~
5. ასარჩევ (შემოსახაზ) კანდიდატთა ოდენობა განისაზღვრება ვაკანტური ადგილების რაოდენობის მიხედვით.
6. მართვის ორგანოების ასარჩევად დაუშვებელია პირზე ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემა.
7. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე.
მუხლი 19. საარჩევნო ყუთი
1. უნივერსიტეტი არჩევნების ჩასატარებლად უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უზრუნველყოფს საარჩევნო ყუთებით, რომლის რაოდენობას კონკრეტული არჩევნებისათვის საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო ყუთზე თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვისაა იგი, აგრეთვე მიეთითება უნივერსიტეტისა და შესაბამისი ორგანოს სახელწოდება.
3. საარჩევნო ყუთი კენჭისყრამდე მოწმდება, რათა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ იგი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით და პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა.
4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები. საკონტროლო ფურცელზე კეთდება პირველი ამომრჩევლის და კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში.
5. თუ საარჩევნო ყუთი დაზიანდა არჩევნების პროცესში, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.
6. თუ საარჩევნო ყუთში მისი გახსნის შემდეგ არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტროლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.
მუხლი 20. არჩევნების ორგანიზება
1. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს უნივერსიტეტი.
2. უნივერსიტეტი საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.
3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრები აკადემიური საბჭოს წევრების და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების დღეს, დილის 10 საათამდე, წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვლენილი უნდა იქნეს:
ა) რეგისტრატორები;
ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი;
გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი.
4. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.
მუხლი 21. არჩევნების პროცედურა
1. კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპაციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში. მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ ერთ ან რამდენიმე კანდიდატურას, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩევლის ერთდროულად ყოფნა.
2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.
მუხლი 22. აკადემიური საბჭოს წევრების და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამება
1. კენჭისყრა მთავრდება არჩევნების დღეს, 17 საათზე.
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.
3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც.
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს.
5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისათვის ლაგდება ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისათვის და სტუდენტებისათვის. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.
6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
გ) შემოხაზულია განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი კანდიდატურა;
დ) შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.
7. გაფუჭებულია ბიულეტენი რომელიც ამომრჩევლის მიერ იქნა გამოცვლილი. ასეთი სახის ბიულეტენს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაკრატლით აჭრის მარჯვენა კუთხეს და უკანა მხარეს აკეთებს აღნიშვნას ,,გაფუჭებულია”.
8. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
ე) გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
ვ) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
ზ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.
9. ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა კანდიდატი, რამდენიც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით.
10. აკადემიურ საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენიც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით.
მუხლი 23. დამკვირვებელი
1. უნივერსიტეტის საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე, არა უგვიანეს 5 დღით ადრე, მიმართონ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.
3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი;
ბ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი;
გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.
4. დამკვირვებელი უფლებამოსილია, დაესწროს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში.
5. დამკვირვებელი უფლებამოსილია:
ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი;
გ) წარადგინოს საჩივარი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში.
6. დამკვირვებელი ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.
7. საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელი არ შეუშალოს დამკვირვებელს.
მუხლი 24. დარღვევის ოქმი
არჩევნების დღეს, დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია, შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:
ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;
ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა, მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ;
ვ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები;
ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;
თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.
მუხლი 25. არჩევნების შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება
1. არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. საარჩევნო კომისია ვალდებულია, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.
2. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, უნივერსიტის საარჩევნო კომისიის წევრს ან ამომრჩეველს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი ამ წესით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
3. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);
ე) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;
ვ) საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა.
4. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია, საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ წესით დადგენილი წესის ან/და საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.
მუხლი 26. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება
1. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს თვალსაჩინო ადგილზე, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.