პროექტის შესახებ
საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ სამეცნიერო პროექტს, „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა”, რომელიც ემსახურება ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წერილობითი წყაროების იდენტიფიცირებას, კვლევასა და სამეცნიერო ცირკულაციაში შემოტანას.
პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ორი საანგარიშო პერიოდი და მესამე საანგარიშო პერიოდი დასრულდება 2025 წლის დეკემბერში. პირველ ეტაპზე მოხდა არსებული სამეცნიერო ცოდნის სრულყოფილი სისტემატიზაცია, ავტომატიზირებული რეესტრის შექმნა და ვატიკანის არქივებში ცნობილი ქართული მასალის კონტექსტური გადამოწმება. მომზადდა 93-გვერდიანი გზამკვლევი, რომელიც მოიცავს დღეისათვის არსებულ 526 წყაროს აღწერას, მათ თემატიზაციას, ხელმისაწვდომობის სტატუსს და შემდგომი კვლევის სავარაუდო მიმართულებებს. აღნიშნული რეესტრი წარმოადგენს უნიკალურ და უპრეცედენტო ბაზას, რომელიც პირველად აერთიანებს ქართულ მატერიალურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ცნობებს ვატიკანში დაცული ფონდების შესახებ.
პირველი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ხუთი სამეცნიერო მივლინება. მკვლევრებმა ადგილზე შეისწავლეს 29 ტომი — დაახლოებით 12 000 ხელნაწერი გვერდი, რაც 4500-მდე დოკუმენტს შეადგენს. იმავე პერიოდში გაიშიფრა და ქართულ ენაზე ითარგმნა 102 აქამდე უცნობი ან ნაწილობრივ ცნობილი ისტორიული წყარო (ქართული, იტალიური, ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული). გამოვლინდა სრულიად უცნობი ტომი (SC-Armeni, XIX ს.), რომელიც 350-მდეც მეტ დოკუმენტს მოიცავს. მისი დიდი ნაწილი უკვე დიგიტალიზირებულია და კვლევისთვის ხელმისაწვდომია. პირველად მომზადდა 260- გვერდიანი ანოტირებული კატალოგები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი SC-Giorgia-ს შვიდტომეულის რამდენიმე ტომი, ინსტრუქციების სერია (Istruzzioni), ასევე SC და SOCG ფონდებში მიმობნეული ქართული დოკუმენტები.
მეორე საანგარიშო პერიოდში სამეცნიერო საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა. განხორციელდა 6 სამეცნიერო მივლინება, დამუშავდა 87 ტომი — 15 000-მდე ხელნაწერი გვერდი (დაახლოებით 5900 დოკუმენტი). მათი კვლევის შედეგად გაშიფრულ და აღწერილ მასალას შეადგენს 2070-ზე მეტ ისტორიულ დოკუმენტს. მომზადდა 320-გვერდიანი ელექტრონული კატალოგი, რომელიც მოიცავს SC-Giorgia vol. 3, vol. 7, SC-Georgia vol. 6, SC-Armeni vol. 5, SOCG და ACTA ფონდების მრავალტომიან აღწერილობას. პარალელურად გაიშიფრა და ითარგმნა ახალი, ადრე უცნობი ტექსტები, რომელთა ნაწილი წარმოადგენს საქართველოს რელიგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ და საგარეო ურთიერთობათა ისტორიაზე უმნიშვნელოვანეს წყაროს.
მეორე საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა პირველადი სამეცნიერო ანალიზი, შედეგების შეჯერება არსებული სამეცნიერო ცოდნის ფონზე და კვლევის ახალი მიმართულებების იდენტიფიცირება. პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოქვეყნდა რამდენიმე მასშტაბური სამეცნიერო სტატია, გამოცემულ იქნა 200-გვერდიანი წიგნი („ქრისტიანული რელიგიის შესახებ საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში“), ხოლო პროექტის წევრების მოხსენებები და საჯარო ლექციები წარდგენილ იქნა საქართველოსა და საზღვარგარეთ (ბერძნულ-ქართული სამეცნიერო ფორუმი, საერთაშორისო კონფერენციები, შიდა ქართლის მასწავლებლების კონგრესი და სხვა).
2026 წელს პროექტი ფინალურ ფაზაში შევიდა. დასრულდა მუშაობა ორ მასშტაბურ მონოგრაფიაზე, რომლებიც აერთიანებს პირველად აღმოჩენილ, დიგიტალიზებულ, გაშიფრულ და ანოტირებულ ქართულ წყაროებს. პირველი მონოგრაფია მოიცავს 35 იტალიური და ლათინურენოვანი ვრცელი და შედარებით მოკლე რელაციების თარგმანს ქართულ ენაზე შესაბამისი სამეცნიერო აპარატისა და კომენტარების დართვით. იგი ძირითადად ეხება XVII
საუკუნეს და გამოიცემა ამგვარი სახელწოდებით: „ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ (XVII საუკუნე)“. (ნაშრომის მოცულობა: 210 გვერდი). რაც შეეხება მეორე მონოგრაფიას, ძირითადად ამ ახალი წყაროების კვლევის საფუძველზე მომზადდა მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც გამოიცემა შემდეგი სახელწოდებით: „საქართველო წმინდა ტახტის ურთიერთობა XVII საუკუნეში“ (ნაშრომის მოცულობა: 350 გვერდი). ეს მონოგრაფიები მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც ქართული ისტორიოგრაფიის თანამედროვე დონეს, ისე საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო იმიჯს. ასევე, დასრულდა მუშაობა დამხმარე სახელმძღვანელოზე
პროექტი ახდენს საუკუნეების განმავლობაში გამოუქვეყნებელი, უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული მემკვიდრეობის მოძიებას, დაცვასა და საზოგადოებრივი კვლევისთვის ხელმისაწვდომობას — რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს კულტურული, ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის საერთაშორისო აღიარებას.
ვატიკანის ოფიციალურ სტრუქტურებთან — Propaganda Fide-ს არქივთან — ჩამოყალიბებულია აქტიური, თანამშრომლური ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიმდინარე კვლევის წარმატებულ გაგრძელებას, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული ისტორიული წყაროების დაცვისა და საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვის შესაძლებლობას.
პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების და ახალგზრდობის სამინისტროს ზედამხედვლობით, ხოლო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი, მისი ფინანსური მხარდამჭერები არიან.