პროექტის შესახებ

ისტორიული შიდა ქართლის (ქსნის ხეობის) კვლევა ყოველთვის იყო ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, მაგრამ მისადმი ინტერესი და აქტუალობა განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შემდეგ გაიზარდა, რამდენადაც ამ ძირძველ ქართულ ტერიტორიებზე შეგნებულად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყოველივე ქართული კვალის (ტოპონიმები, ჰიდრონიმების, ოიკონიმების, ეკლესია-მონასტრების და სხვა მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების) წაშლა. პროექტის "შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია (ქსნის ხეობა)" ფარგლებში მეცნიერულად იქნება შესწავლილი და წარმოდგენილი შიდა ქართლის ამ ტერიტორიაზე არსებული სათავადოის -ქსნის საერისთავოს სოციალ-ეკონომიკური ბუნება და მისი პოლიტიკური ისტორია. მრავალრიცხოვან საარქივო დოკუმენტებზე, მოსახლეობის აღწერებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით გაანალიზდება სათავადოის მოსახლეობის დემოგრაფიული, ეთნიკური, თუ რელიგიური ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. რუსული ხელისუფლების ინტერესი და მიზანმიმართული ღონისძიებანი ხსენებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის თანდათანობით შემცირებისა და საბოლოოდ მოშლისაკენ. ცნობილია, რომ ყოფილი ქსნის საერისთავო ტერიტორიულად მდინარეების: ქსნისა და მისი შენაკადების, ასევე, ლეხურის, მეჯუდის და პატარა ლიახვის ზემო წელსაც მოიცავდა. ერისთავების სამფლობელოში შედიოდა: ცხრაზმა, ჟამური, ქარჩოხი, ჭურთა, ქოლოთი, ისროლისხევი, თრუსო, ღუდა, გაგასძენი, მლეთა, არახვეთი, ხანდო, ყანჩაეთი, ძაგნაკორი, გავაზი, აწერისხევი, ბეხუშე და სხვ. XIV საუკუნის შუა წლებისათვის ქსნის ერისთავებმა მიწები და გავლენა გააფართოვეს ქართლის ვაკის მიმართულებით. აქ დაეუფლნენ კარბს, იკორთის მონასტერს. მათ ასევე ხელი მიუწვდებოდათ ქნოღოსა და მაღრან-დვალეთზე. აღმოსავლეთით ქსნის საერისთავოს არაგვის საერისთავო ემეზობლებოდა, სამხრეთით - სამუხრანბატონო, სამხრეთ-დასავლეთით - საამილახვრო, ხოლო ჩრდილოეთით ქსნის ერისთავების მფლობელობაში მაღრან-დვალეთისა და ჟამურის სანახები შედიოდა და საზღვარი დვალეთამდე აღწევდა . ქსნის ხეობა ყოველთვის იყო, როგორც ქართველი, ასევე რუსული ხელისუფლებისა და საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ზრუნვისა და ინტერესის ობიექტი. ხეობაში ჯერ კიდევ XVIII ს. 70-იან წლებში იმოგზაურა და უმნიშვნელოვანესი ცნობები მოგვცა ცნობილმა გერმანელმა მოგზაურმა იოჰან ანტონ გიულდენშტედტმა, რომელიც ახალგორში, დავით ქსნის ერისთავის სასახლეში ცხოვრობდა საქართველოში ყოფნის გარკვეულ პერიოდში. ქსნის ხეობის შუა და ზემო წელის სოფლების დახასიათებისას გიულდენშტედტი განმარტავს, რომ ესენი ერთმანეთში არეული ქართული და ოსური სოფლებია, რომლებიც კარგად ეთვისებიან ერთმანეთს .
ერეკლე II-ის დავალებით ქსნის ხეობაში 1774 წელს აღწერა ჩაუტარებიათ მანუჩარ გორჯასპიშვილსა და ტეტია გარსევანიშვილს, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ხეობის იმდროინდელ პოლიტიკურ, დემოგრაფიულ, ეთნიკურ და რელიგიურ სურათზე. ქსნის ხეობას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოში რუსული ხელისუფლების მიერ 1804 წელს ჩატარებულ პირველივე კამერალურ აღწერაში. აღწერის მიხედვით, მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, მევენახეობა, მთაში ეწევიან მესაქონლეობას, ქირაზე, ან ბეგარის სახით მწყემსვას, ზოგიერთ მათგანს პირად საკუთრებაში აქვს წისქვილი. ახალგორელი სომხების ძირითადი საქმიანობა ვაჭრობაა. აღწერიდან ჩანს, რომ XIX ს. დასაწყისში ქსნის ხეობის ზემო წელში მოსახლეობა ჯერ კიდევ საკმაოდაა. ეთნიკურობის მიხედვით, დიდ უმრავლესობას ქართველები და ოსები წარმოადგენენ. არის მთლიანად ოსური სოფლებიც, მაგრამ რეგიონში მაცხოვრებელ ქართულ მოსახლეობას ისინი რაოდენობით ჯერ კიდევ ორჯერ ჩამოუვარდებიან. თუმცა, თვით ოსური სოფლების დასახელებები: ,,საბარკლეთი”, ,,ველისი”, ,,ციხე”, ,,ცხრა-წყარო” და სხვ., ცხადყოფს მათ წარმომავლობას და თავდაპირველ მოსახლეობას. ისევე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ ხეობებში, ქართველი მოსახლეობისაგან ქსნის ხეობის დაცლის ძირითადი მიზეზი გახშირებული ლეკიანობა და ცხოვრების უკეთესი პირობებისაკენ სწრაფვა იყო. 1804 წლისათვის არაერთი ქართული სოფელი ხეობაში უკვე დაცლის პირასაა მისული, მაგ., საქარეთში 5 კომლიღა (32 სული) ცხოვრობს, ახალდაბაში - მხოლოდ 3 (46 სული), კარელთ-კარში - 7 (40), მიდელაანთ-კარში - 8 (68) და ა. შ. ხსენებული ტერიტორიების ქართულ სოფლებში XIX ს. ბოლოსათვის, ქართველების ხარჯზე ოსურმა მოსახლეობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. მაგ., თუ 1804 წლის აღწერით სოფელ ჭურთაში მთლიანად ქართველები არიან მითითებულნი (9 კომლი, 54 სული) , 1886 წლის საოჯახო სიების მიხედვით, იმავე ჭურთაში 7 კომლი ჩანს 84 მაცხოვრებლით, მაგრამ მთლიანად ოსები არიან . 1804 წელს ლოროში 6 კომლი და 35 სული ქართველია, 1886 წლისათვის სოფლის მოსახლეობა 14 კომლამდე და 126 სულამდე გაზრდილა, მაგრამ ყველა ოსია.
მცოცავი ოკუპაციის პირობებში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ ვინ ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე საუკუნეების განმავლობაში, როდესაც თანამედროვე ოსი და რუსი ავტორები ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველგვარი ქართული კვალის წაშლას, დიდი ლიახვის ხეობის შესწავლას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
კვლევის/პროექტის მიზანია მეცნიერულად შესწავლა და წარმოდგენა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული უძველესი სათავადოების სოციალ-ეკონომიკური ბუნების და მისი პოლიტიკური ისტორიის. მრავალრიცხოვან საარქივო დოკუმენტებზე, მოსახლეობის აღწერებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით გაანალიზდება სათავადოების მოსახლეობის დემოგრაფიული, ეთნიკური, თუ რელიგიური ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. რუსული ხელისუფლების ინტერესი და მიზანმიმართული ღონისძიებანი ხსენებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის თანდათანობით შემცირებისა და საბოლოოდ მოშლისაკენ. პროექტის მიზნების მისაღწევად შემუშავებულ იქნა შემდეგი ამოცანები: 1. საარქივო დოკუმენტებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით ქსნის ხეობის სოციალურ-ეკონომიკური ბუნების შესწავლა; 2. საარქივო დოკუმენტებზე, ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე დაყრდნობით ქსნის ხეობის პოლიტიკური ისტორიის შესწავლა; 3. საარქივო დოკუმენტების, ისტორიულ წყაროებსსა და ლიტერატურის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის მეცნიერულად დამუშავება და პროექტის ფარგლებში გამოქვეყნება მონოგრაფიის სახით.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 20 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება...

20 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“

მიმდინარე წლის 11- 12 დეკემბერს გორის სახლმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სასკოლო სასწავლო...

12 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა