სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) ბიბლიოთეკა (შემდგომში ბიბლიოთეკა) არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეული.

2. ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის ხელმისაწვდომია კვირაში 6 დღის განმავლობაში, მათ შორის შაბათს - სულ 60 საათი.

3. ბიბლიოთეკა საქმიანობას ახორციელებს ,,უმაღლესი განთლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებითა და ამ დებულებით.

უხლი 2. ბიბლიოთეკის მიზნები და ფუნქციები

1. ბიბლიოთეკის მიზნებია:

ა) უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება–განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება;

გ) უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება - ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამების/პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება.

2. ბიბლიოთეკის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო, საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი პროცესის უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით;

ბ) სასწავლო გეგმების შესაბამისი წიგნადი და არა წიგნადი ფონდის, ინფორმაციის ვიდეო და ციფრული მატარებლის სახით ფორმირება და ორგანიზება;

გ) სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საბიბლიოთეკო მომსახურება. მათი უზრუნველყოფა საჭირო ლიტერატურით როგორც ადგილზე, ასევე სახლში გაცემით;

დ) საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგის (ქაღალდის ან ელექტრონულ მატარებელზე), საინვენტარო წიგნის, სარეგისტრაციო ჟურნალის და მკითხველთა ბარათების გამოყენების ორგანიზება;

ე) წიგნადი ფონდის პერიოდული შემოწმება და მისი მუდმივი განახლება;

ვ) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის შენახვისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ზ) ბიბლიოთეკის აქტიურად ჩართვა უნივერსიტეტში ჩასატარებელ ღონისძიებებსა თუ პრეზენტაციებში;

თ) სასწავლო გეგმების შესაბამისად, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით და სილაბუსების მიხედვით უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოქმედებების განხორციელება.

მუხლის 3. ბიბლიოთეკის გამგე

1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე, რომელსაც ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

2. ბიბლიოთეკის გამგის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ნიშნავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანხმებით ბიბლიოთეკის გამგის წარდგინებით.

მუხლის 4. ბიბლიოთეკის გამგის უფლება-მოვალეობები

1. ბიბლიოთეკის გამგე:

ა) წარმოადგენს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის საქმიანობის კანონიერად და სწორად  წარმართვაზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს მოვალეობებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს (ბიბლიოთეკარებს) შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ბიბლიოთეკის გამგის წინაშე;

გ) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

დ) ადგენს ბიბლიოთეკარების მორიგეობის ყოველთვიურ გრაფიკს და შესათანხმებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს;

ვ) ვალდებულია სამომავლო გეგმები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორს.

2. ბიბლიოთეკის გამგე უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს ბიბლიოთეკის საქმიანობის ყოველთვიურ და ყოველწლიურ ანგარიშს, ხოლო აკადემიურ საბჭოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ბიბლიოთეკის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

3. ბიბლიოთეკის გამგე პასუხისმგებელია  უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.

მუხლი 5. ბიბლიოთეკარი

ბიბლიოთეკარი:

ა) ახდენს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის მომსახურებას შესაბამისი სახელმძღვანელოს ან ლიტერატურის მოძებნასა და გაცემაში;

ბ) უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგის (ქაღალდის ან ელექტრონულ მატარებელზე) წარმოებას;

გ) აწარმოებს წიგნადი და არაწიგნადი ფონდის სარეგისტრაციო ჟურნალს და მკითხველთა ბარათებს;

დ) ასრულებს ბიბლიოთეკის გამგის მიერ დადგენილ ყოველთვიურ გრაფიკს;

ე) ასრულებს უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ბიბლიოთეკის გამგის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.

მუხლი 6. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

1. უნივერსიტეტის სტუდენტებს ან პერსონალს უფლება აქვთ მიიღონ საბიბლიოთეკო მომსახურება, უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო ლიტერატურით, როგორც ადგილზე, ასევე სახლში გაცემით;

2. სტუდენტზე ან პერსონალზე წიგნის/წიგნების სახლში გაცემა დასაშვებია არაუმეტეს 10 დღით;

3. სტუდენტი ან პერსონალი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ბიბლიოთეკაში ვადის გადაუცილებლად.

4. ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაკარგვის შემთხვევაში სტუდენტი ან პერსონალი ვალდებულია ჩაანაცვლოს იმავე დასახელების წიგნით. იმ შემთხვევაში თუ მკითხველის მიერ დაკარგული წიგნი არ არის გაყიდვაში, ბიბლიოთეკარის რეკომენდაციით სხვა დასახელების, მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით შეავსებს წიგნად ფონდს. 

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.