სსიპ გორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
1. ზოგადი დებულება
1. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა პირველ რიგში განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა და პერსონალისათვის.
2. მკითხველებს უფლება აქვთ ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში არსებული წიგნებით , გაზეთებით, ჟურნალებით და სხვა მასალებით. წიგნების გაცემა ხდება როგორც სამკითხველო დარბაზში, ისე აბონემენტზე.
3. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით სარგებლობისა და წიგნის გამოწერისათვის საჭიროა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება :
ა) წიგნი უნდა იყოს აღრიცხული და მინიჭებული ჰქონდეს საინვენტარო ნომერი.
ბ) ბიბლიოთეკით სარგებლობის მოსურნე პიროვნება უნდა იყოს ბიბლიოთეკაში გაწევრიანებული.
გ) განსაკუთრებით დეფიციტური წიგნებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.
4. ბიბლიოთეკაში მოსულ მკითხველს გაეწევა დახმარება მისთვის საჭირო ლიტერატურის შერჩევასა და კატალოგების გამოყენების ჩვევების ჩამოყალიბებაში.
2. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება
- სტუდენტებისათვის გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება სბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც.
- სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ სტუდენტმა უნდა მიმართოს ბიბლიოთეკას, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაწევრიანდეს ბიბლიოთეკაში. გაწევრიანების შემდეგ სტუდენტს გაეხსნება მკითხველის ფორმულარი.
- სტუდენტის ბარათი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა პირის მიერ. აბონენტი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას მისი სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში.
- უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლების რეგისტრირება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე;
3.ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, პრინტერით, ქსეროქსით და სკანერით სარგებლობა
- წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლიარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით მკითხველი ისარგებლებს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში ან ასლის გადამღებ აპარატზე გადაიღებს მისთვის საჭირო ადგილებს.
- მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლიარის სახით.
- სამკითხველო დარბაზში წიგნადი ფონდიდან გაცემული ლიტერატურით მკითხველმა შეიძლება ისარგებლოს მისთვის საჭირო დროის განმავლობაში.
- სამკითხველო დარბაზიდან წიგნების გაცემა აკრძალულია. წიგნის გატანა დასაშვებია მხოლოდ ასლის გადასაღებად სათანადო დოკუმენტის დატოვების შემთხვევაში.
- სამკითხველო დარბაზში მუშაობის დამთავრების შემდეგ მკითხველმა წიგნი უნდა ჩააბაროს ბიბლიოთეკის სპეციალისტს.
- მკითხველს (უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, და პერსონალს) შეუძლია ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული სკანერით , პრინტერით და ქსეროქსით , დღის განმავლობაში 10 ფურცლის გამოყენების უფლებით.
4. ბიბლიოთეკაში წიგნის დაბრუნების ვადები და ვადის დარღვევის შემთხვევები
- ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა 10 დღით.
- გატანილი წიგნის ან მასალის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე ( 10 დღის გასვლის შემდეგ ) მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც ესაჭიროება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ 10 დღის ვადით), იმ შემთხვევაში თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.
- თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას.
- წიგნის დროულად დაუბრუნებლობისა და ბიბლიოთეკის გაუფრთხილებლობის შემთვევაში, მკითხველი ვეღარ ისარგებლებს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით 30 დღის განმავლობაში.
- ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაკარგვის შემთხვევაში სტუდენტი ან პერსონალი ვალდებულია ჩაანაცვლოს იმავე დასახელების წიგნით. იმ შემთხვევაში თუ მკითხველის მიერ დაკარგული წიგნი არ არის გაყიდვაში, ბიბლიოთეკარის რეკომენდაციით სხვა დასახელების, მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით შეავსებს წიგნად ფონდს.
5.ბიბლიოთეკაში დაუშვებელია
- წიგნების ან სასწავლო მასალების დაზიანება, დაფხაჭვნა, ფურცლების ამოხევა, ქურდობა, ბრალეულობის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება დაზიანებული მასალის ფულადი ღირებულება და დამზიანებლის ან დაუკითხავადწიგნის წამღების საკითხი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს მკაცრი ზომების მისაღებად.
- წიგნების ანსასწავლო მასალების ხელმეორედ ქურდობა და დაზიანება შეიძლება გახდეს შემჩნეული პიროვნების გარიცხვის საფუძველი.
- ბიბლიოთეკაში დაუშვებელია წიგნის არასწორად დადება მისი დამალვის ან სხვა მკითხველისათვის წიგნის გამოყენების ხელის შეშლის მიზნით.
შენიშვნა: საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში გაწევრიანების დროს მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს.