პლაგიატის აღმოჩენის, პრევენციის და პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- წინამდებარე წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში „უნივერსიტეტი“) აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის პრევენციის, აგრეთვე დარღვევის შემთხვევაში, მისი აღმოჩენისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს.
- უნივერსიტეტი იცავს ინტელექტუალური საკუთრების პრინციპებს და აღნიშნული წესი მიზნად ისახავს აღკვეთოს სხვისი შრომის შედეგის ნებისმიერი ფორმით მითვისება.
- უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტთა მოვალეობაა პატივი სცეს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები და გაუფრთხილდეს დაწესებულების რეპუტაციასა და პრესტიჟს.
- აღნიშნული წესი განსაზღვრავს უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენის და პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმებს.
მუხლი 2. პლაგიატი, თვითპლაგიატი, ფალსიფიკაცია
წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის შემდეგი ფორმები:
- სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან აუდიო მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემების მითვისება და გავრცელება ავტორის მიუთითებლად (პლაგიატი).
- საკუთარი ნაშრომის განმეორებით გამოყენება ორიგინალური წყაროს მიუთითებლად (თვითპლაგიატი).
- მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება აკადემიურ ნაშრომში (ფალსიფიკაცია).
აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის სხვა ფორმებია:
- გადაწერა სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან;
- სხვა პირის ნამუშევრის, როგორც საკუთარის წარმოჩენა;
- სხვა სტუდენტისათვის/პერსონალისათვის აკადემიური სიყალბის ჩადენაში ხელის შეწყობა;
- ინდივიდუალური ნამუშევრის ჯგუფურად მომზადება ან ერთი პირის მიერ მომზადებული ნამუშევრის ჯგუფურ ნამუშევრად წარმოჩენა;
- სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება ან სხვა პირის შეგზავნა გამოცდის ჩასაბარებლად;
- გამოცდის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება და/ან გავრცელება;
მუხლი 3. პლაგიატის პრევენცია
საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტი:
- საგანმანათლებლო პროგრამებში ნერგავს სავალდებულო სასწავლო კურსებს, რომლებიც მოიცავს აკადემიური წერის კულტურისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს;
- სისტემატურად ატარებს საინფორმაციო ღონისძიებებს აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის თავიდან აცილების, დარღვევის აღმოჩენისა და დარღვევის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურებისა და მექანიზმების შესახებ;
- ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსებს ინფორმაციას აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის აღმოჩენის, თავიდან აცილებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის შემთხვევაზე რეაგირების წესის შესახებ და უზრუნველყოფს მის გაცნობას ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, როგორც სტუდენტის, ისე პერსონალის წარმომადგენელის მიერ;
- სტუდენტებთან და პერსონალთან აწყობს შეხვედრებს სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ფარგლებში შესრულებული ნაშრომის შესაფასებლად წარდგენამდე, ასევე უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენამდე, პლაგიატის აღმომჩენი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით დამოუკიდებლად შემოწმების შესაძლებლობის შესახებ.
მუხლი 4. პლაგიატის აღმოჩენის და რეაგირების მექანიზმები
1. საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის აღმოჩენის მიზნით, სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის ფარგლებში შეფასების მიზნით წარმოდგენილი წერითი ნამუშევარი/ნაშრომი (საბაკალავრო ნაშრომი, კვლევითი პროექტი, ანალიტიკური რეფერატი, კვლევითი სტატია, სადოქტორო სემინარი და სხვა), რომელიც ითვალისწინებს წყაროების მითითებას, ასევე სტუდენტის მიერ პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ფარგლებში შექმნილი ნებისმიერი სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტი (სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, სადისერტაციო ნაშრომი, პუბლიკაცია და სხვა) ექვემდებარება სავალდებულო შემოწმებას პლაგიატის აღმომჩენი ელექტრონული პროგრამით.
2. უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში და სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, როგორც სტუდენტის, ისე პერსონალის მიერ გამოქვეყნებული ყველა სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი სავალდებულო წესით მოწმდება პლაგიატის აღმომჩენი ელექტრონული პროგრამით. ნაშრომში აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის არსებობაზე კონტროლს ახორციელებს ჟურნალის რედაქცია და დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხის განხილვა მოხდება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
3. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის პასუხისმგებელი ლექტორი ვალდებულია შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული სტუდენტის წერითი ნამუშევარი/დავალება/ნაშრომი (მაგ., საბაკალავრო ნაშრომი, კვლევითი პროექტი, ანალიტიკური რეფერატი, კვლევითი ნაშრომი, სადოქტორო სემინარი და სხვა), რომლებშიც წყაროთა მითითება სავალდებულოა, შეამოწმოს პლაგიატის აღმომჩენ ელექტრონულ პროგრამაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის დახმარებით.
4. პლაგიატის აღმომჩენი ელექტრონული პროგრამის მიერ სასწავლო კომპონენტში ტექსტური თანხვედრის დაფიქსირების შემთხვევაში, სასწავლო კომპონენტის პასუხისმგებელი ლექტორი ახორციელებს რეაგირებას სილაბუსით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად (გაფრთხილება, ნაშრომის/საგამოცდო დავალების განმეორებით შესრულება, შეფასების ქულის დაკლება, შესაბამისი შეფასების კომპონენტის 0 ქულით შეფასება, სასწავლო კომპონენტის უარყოფითად შეფასება და სხვ.).
4.1. როგორც წესი, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში ან/და სამეცნიერო კონფერენციის მასალებში გამოქვეყნების მიზნით წარმოდგენილ სამეცნიერო-კვლევით ნაშრომში და სადოქტორო დისერტაციაში ტექსტური თანხვედრა არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს, სამაგისტრო ნაშრომში-25%-ს, ხოლო ბაკალავრის კვლევით ნაშრომში - 35%-ს. ტექსტური თანხვედრა განისაზღვრება ბიბლიოგრაფიის/გამოყენებული ლიტერატურის გათვალისწინების გარეშე".
5. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტის (სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, სადისერტაციო ნაშრომი, პუბლიკაცია და სხვა) ელექტრონულ ვერსიას სტუდენტი წარუდგენს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტი) ადმინისტრაციას.
6. ფაკულტეტზე წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტის ელექტრონულ ვერსიას თან უნდა ახლდეს სტუდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტი არ შეიცავს აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ელემენტებს, ორიგინალურია, სხვა ავტორთა მოსაზრებები მითითებულია დადგენილი წესით და კვლევის მეთოდების გამოყენებისას დაცულია აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმები.
7. ფაკულტეტი ვალდებულია, სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტი, წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, შეამოწმოს პლაგიატის აღმომჩენი ელექტრონული პროგრამით და აღნიშნული პროდუქტი, პლაგიატის აღმომჩენ ელექტრონულ პროგრამაზე გადამოწმების შედეგებით, გადასცეს სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელს.
8. სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი განიხილავს სამეცნიერო-კვლევით პროდუქტს და ფაკულტეტის ადმინისტრაციას წარუდგენს წერილობით დასკვნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის ფაქტის არსებობის/არარსებობის შესახებ და რეკომენდაცია სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტის საჯარო განხილვაზე დაშვების ან დაუშვებლობის შესახებ.
9. თუ სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ დასტურდება პლაგიატის არსებობა ან ფიქსირდება მისი არსებობის ვარაუდი, საკითხის განხილვა მოხდება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
10. პერსონალის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის გამო დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია:
ა. უნივერსიტეტის პერსონალის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება, რომელსაც თან ახლავს საკმარისი მტკიცებულებები;
ბ. უნივერსიტეტის პერსონალის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფაქტის აღმოჩენა.
11. უნივერსიტეტის პერსონალის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის არსებობა/არარსებობის საკითხი განიხილება, იმისდა მიუხედავად, თუ სად და როდის ჰქონდა შესაძლო დარღვევას ადგილი.
მუხლი 5. პლაგიატის დადასტურება და შესაბამისი სანქცია
- სტუდენტის/პერსონალის საქმიანობაში პლაგიატის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ფაკულტეტის/ჟურნალის რედაქციის სათანადო მიმართვის საფუძველზე რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც უნივერსიტეტის პერსონალისგან (თუკი არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი), ასევე გარეშე პირებიდან.
- კომისია შეიმუშავებს საქმის წარმოების პროცედურას და საქმეში გარკვევის შემდეგ, ბრძანების გამოცემიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოიტანს შესაბამის დასკვნას. კომისიის მუშაობა უნდა იყოს კონფიდენციალური და პლაგიატის დადასტურებამდე ზიანი არ უნდა მიაყენოს სტუდენტის/პერსონალის პრესტიჟს.
- კომისია ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე. კომისიის დასკვნის შესახებ ეცნობება მოთხოვნის დამრღვევ პირს (შემდგომში -„დამრღვევი“), ასევე საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს.
- დამრღვევ პირს შესაძლებლობა ეძლევა საპასუხო სიტყვით წარსდგეს კომისიის წინაშე. იმ შემთხვევაში თუ დარღვევის ფაქტი არ დადასტურდება, რექტორი და შესაბამისი ფაკულტეტი/კათედრა აამოქმედებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს პირის სამეცნიერო რეპუტაციის აღსადგენად.
- ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება განისაზღვროს უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- პლაგიატის ფაქტის არსებობის გამო საჯარო დაცვიდან მოხსნილი სამაგისტრო ნაშრომის ან მისი გადამუშავებული ვარიანტის დასაცავად ხელმეორედ წარდგენა დაუშვებელია.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
- აღნიშნულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
- სტუდენტები და პერსონალი ვალდებულნი არიან გაეცნონ წინამდებარე წესს, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია დოკუმენტი განათავსოს უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე.