გსსუ გამარჯვებულია ჟან მონეს მოდულში

31 აგვისტო,2020


ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების 2020 წლის კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა. გამარჯვებულად გამოცხადდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის/გსსუ მიერ წარდგენილი ჟან მონეს მოდული „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“. აღსანიშნავია, რომ ეს არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პირველი პროექტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსის ფარგლებში.
მოდულის მიზანია ევროპული სივრცის გაძლიერება რეგიონში, ევროპული ასოცირების პროცესის ხელშეწყობა გსსუ-ს სხვადასხვა პროგრამებში, კერძოდ, სამართლის, საჯარო მმართველობის, ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამებში, ახალი სასწავლო საგნის „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ ინტეგრირებით. მოდულის ამოცანაა, აგრეთვე, არამხოლოდ ევროპული სწავლების განვითარება, არამედ საკუთარი მიდგომებისა და მოდელის სხვა უნივერსიტეტებისათვის გაზიარება, ამ ტიპის სწავლების მთელს საქართველოში განვრცობის მიზნით.
მოდულის ხანგრძლივობაა 36 თვე. მოდულის კოორდინატორია პროფესორი ეკატერინე ქარდავა. მოდულის ადმინისტრირება განხორციელდება საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის ზურაბ ზურაბაშვილისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის ციური დურულის მიერ.