გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს განაგრძობს
16 აპრილი,2026
მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, თემაზე: „ბრძოლა მშობლიური ენის უფლებებისთვის: 1978 წლის აპრილი“.
ლექციის მსვლელობისას მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა 1978 წლის ისტორიული მოვლენები, ისაუბრა იმ პოლიტიკურ კონტექსტსა და სამოქალაქო თავდადებაზე, რამაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. პროფესორმა ხაზი გაუსვა ამ თარიღის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საქმეში.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ დედაენის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხვალ, 17 აპრილს დასრულდება.