ელექტრონული სწავლება

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში  მიმდინარეობს ტრენინგები ადამიანური რესურსების განვითარებისა და  ელექტრონული სწავლების დანერგვისათვის. პროექტში ჩართული არიან უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის პროფესორები, რომლებიც ივნისის ბოლოს  წარმოადგენენ  ელექტრონული კურსის ერთ საპილოტე საკითხს საპრეზენტაციოდ. შეხვედრას დაესწრებიან თბილისიდან მოწვეული ელექტრონული სწავლების საერთაშორისო ექსპერტები,  პროფესორები  მარიამ მანჯგალაძე და მაია ნინიძე.

 

--------------------------------------------------------

ელექტრონული სწავლება არის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელის გამოყენება სასწავლო პროცესში, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეავსოს ტრადიციული სწავლება (და არა ჩაანაცვლოს).  ელექტრონული სწავლების კომპონენტების დანერგვა მიზნად ისახავს  სწავლების ხარისხის ამაღლებას და მისი ეფექტურობის ზრდას.

გერმანიის ფედერალური მთავრობის  საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული იყო ტრენინგპროგრამა -  ადამიანური რესურსების განვითარება და ინსტიტუციური მშენებლობა ელექტრონული სწავლებისათვის სამხრეთ კავკასიაში (2012 წლის 15-17 ნოემბერი, 2013 წლის 17-19 ივნისი). პროექტის მენეჯერი გახლდათ ელკე ვემჰოფი, ხოლო კოორდინატორი საქართველოში - პროფ. ირაკლი შურღულაია. ტრენინგპროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსთა აკადემია და ეკოტურიზმის სააგენტო. GIZ-ის ხელშეწყობით 2011 წლიდან ტარდება ამ ტიპის სწავლება და მასში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის, სოხუმის, თელავის, ქუთაისის უნივერსიტეტები, თსუ, ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვ. ამ ინსტიტუციებში არაერთი წარმატებული ელექტრონული კურსი შეიქმნა მიღებული ცოდნის საფუძველზე.

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან ტრენინგში მონაწილეობას იღებდა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ოთხი წევრისგან: პროფ. თამილა გოგოლაძე, პროფ. ელენე ხოჯევანიშვილი, პროფ. ნათია ჟოჟუაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა წიკლაური. ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები: მენეჯერი, მეთოდისტი, სასწავლო მასალის დიზაინერი, მენტორი.

ტრენინგების სერია  ჩატარდა ორ ეტაპად, ორჯერ პირისპირ (სამ-სამი დღე) და ოთხი თვის განმავლობაში ონლაინრეჟიმში. პროგრამა მოიცავდა ოთხ მოდულს და მას უძღვებოდნენ  GIZ-ის ტრენერები:

  • ელექტრონული სწავლების მენეჯმენტი პრაქტიკაში -აკად. დოქტორი რუსუდან პაპიაშვილი 
  • დიდაქტიკური მეთოდოლოგია/ინსტრუქციული დიზაინი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე 
  • სასწავლო მასალის შექმნის პროცესი - პროფ. მაია ნინიძე
  • მენტორობა - პროფ. ქეთევან გოჩიტაშვილი

 

      ტრენინგზე სასწავლებლებში ელექტრონული სწავლების დანერგვის აუცილებლობა გამოიკვეთა, იგი ბოლონიის პროცესის შემადგენელი ნაწილი და სტუდენტზე ორიენტირებული  სწავლებაა.

 გამოიკვეთა ელექტრონული სწავლების მთავარი პრიორიტეტი: ,,ისწავლეთ რაც გინდათ, როცა გინდათ და სადაც გინდათ’’ .

აღინიშნა, რომ საზღვარგარეთის მოწინავე უნივერსიტეტები დიდი ხანია იყენებენ ელექტრონულ სწავლებას, როგორც დამხმარე საშუალებას და ტრადიციული სასწავლო პროცესის სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას,  აღინიშნა ასევე ისიც,  რომ დღეისათვის მსოფლიოში არაერთი დისტანციური სწავლების წარმატებული უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

გამოიკვეთა  ელექტრონული სწავლების დადებითი მხარეები:

  • დროისა და სივრცის თავისუფალი არჩევანი, მოქნილი სასწავლო გარემო (ზოგავს დროს - შესაძლებელია მუშაობა ასინქრონულ ფორმატში, რადგან სტუდენტს შეუძლია გარკვეული სამუშაო შეასრულოს მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, ხსნის მანძილის სიშორის პრობლემას).
  • ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები - ბაკალავრები, მაგისტრანტები, კონკრეტული დისციპლინის შესწავლით დაინტერესებული სტუდენტები.
  •  კრედიტების (და არა ხარისხის ) მინიჭების შესაძლებლობა.
  • მასალის მრავალფეროვნება - ვიდეო, აუდიო, სხვადასხვა საგანმანათლებლო ელე-მენტების კომბინირება ზრდის სტუდენტის მოტივაციას, სასწავლო პროცესს საი-ნტერესოს და სასიამოვნოს ხდის.  თავიდან ვირიდებთ რუტინას სწავლების ფორ-მების მონაცვლეობით.
  • მასალის მუდმივი შევსება განახლება, ცვლილებების შეტანა საჭიროებისამებრ საშუალებას იძლევა ელექტრონული კურსი იყოს მოთხოვნის შესაბამისი.
  • ქმნის სხვა ორგანიზაციებში მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობას.
  • მოსახერხებელია ორგანიზაციაში მომუშავე პერსონალის გადასამზადებლად.
  • ხელსაყრელია უწყვეტი განათლებისთვის.
  •   გამარტივებულია სწავლის პროცესის მონიტორინგი და სტუდენტთა ტესტირების სისტემა .
  • საჭიროებს ნაკლებ ფინანსურ ხარჯებს, ერთხელ შექმნილის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე - ერთდროულად მრავალ სამიზნე ჯგუფთან.
  • არ საჭიროებს დამატებით ფართს.
  •  სამუშაო პერიოდის მანძილზე სამუშაო ჯგუფებმა მოამზადეს საპილოტე კურსები, რომელთა პრეზენტაცია გაიმართა დასკვნით შეხვედრაზე. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჯგუფმა მოამზადა საპილოტე ელექტრონული კურსი ,,თანამედროვე ქართულ ენაში’’, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეებს  გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

გერმანელი და ქართველი ორგანიზატორებისა და  GIZ - ის ტრენერების დახმარებით ჯგუფს აქვს წინადადება  უნივერსიტეტში დაინერგოს ელექტრონული სწავლება ( პროფესორ-მასწავლებლთა  ჩართულობით და ადმინისტრაციის ხელშეწყობით),  რაც გულისხმობს შემდეგს:

  •  კვლევა ინოვაციური სწავლების დანერგვის მზაობის გასარკვევად (გამოკითხვის ჩატარება სტუდენტებში და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან);
  • სამუშაო ჯგუფების შექმნა პროფესურისა  და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით.
  • ელექტრონული საპილოტე  კურსების მომზადება (პროფესურასთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად) .
  • ელექტრონული სწავლების ტრენერების მოწვევა.
  • ელექტრონული სწავლების ცენტრის შექმნა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან  შეთანხმებით ,  ჯგუფის მიერ   ივნისის თვეში განხორციელდა  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გამოკითხვა,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღეს პროფესორმა, რომელთაც პასუხები გასცეს  ქვემოთ მითითებულ   კითხვარს:

  • გსმენიათ თუ არა ელექტრონული სწავლების შესახებ?
  • რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის ელექტრონული სწავლების გამოყენება, როგორც  ტრადიციული სწავლების  დამხმარე ინსტრუმენტი?
  • რა მიმართულებით ხედავთ ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვის საჭიროებას უნივერსიტეტში?
  • თქვენი აზრით რამდენად ეფექტური იქნება ელექტრონული კურსის მომზადება თქვენს დარგში?
  • ხართ თუ არა თანახმა მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონული კურსის შექმნაში?

 

გამოკითხულთა კვლევის შედეგები  ასეთია:

  • 78 % -ს სმენია  ელექტრონული სწავლების შესახებ.
  • 96 % -თვის  მისაღები იქნება  ელექტრონული სწავლების გამოყენება, როგორც სწავლების ტრადიციული მეთოდის დამხმარე ინსტრუმენტი.
  • ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვის საჭიროებას უნივერსიტეტში: მაგისტრანტებისთვის 74%, ბაკალავრებისთვის 28%, დაინტერესებულ პირთათვის 34%
  • 96 % -ის აზრით ეფექტური იქნება ელექტრონული კურსის მომზადება მის დარგში.
  • 84 %  თანახმაა მიიღოს მონაწილეობა ელექტრონული კურსის შექმნაში.