შეხვედრა პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან
18 მარტი,201418 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, მწერალთან, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან. შეხვედრას უძღვებოდა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც მიმოიხილა გიორგი სოსიაშვილის ცხოვრების და შემოქმედების ძირითადი მომენტები.
სიტყვით გამოვიდნენ: გორის უნივერსიტეტის პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, მწერალი როსტომ ჩხეიძე, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომლებმაც აქცენტი გააკეთეს გიორგი სოსიაშვილის, როგორც ისტორიკოსისა და პროზაიკოსის, როლსა და დამსახურებაზე; კავკასიური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გივი ღამბაშიძემ ისაუბრა გიორგი სოსიაშვილის მიერ წარმოებულ კვლევებზე ქართულ-ჩრდილოკავკასიური ისტორიული ურთიერთობების შესახებ.
გიორგი სოსიაშვილის მოღვაწეობის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს მწერალმა რევაზ მიშველაძემ, პროფესორმა სოსო სიგუამ და ჟურნალ „ქაროზის“ რედაქტორმა ნანა დავითაშვილ-ბაგრატიონმა.
შეხვედრის დასასრულს გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას.