პოლონელი პროფესორის საჯარო ლექცია
08 ივნისი,2026
2026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქ-ნი მონიკა ტომაშზევსკას ლექცია თემაზე „ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“. პოლონელი პროფესორის ვიზიტი საქართველოში განხორციელდა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში სახელწოდებით „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელსაც ახორციელებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საჯარო ლექციის შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბ-ნმა დავით კვერნაძემ, სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ჟან მონეს კათედრის პროფესორმა ციური დურულმა და ჟან მონეს კათედრის ავტორმა, კათედრის ხელმძღვანელმა და პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ.
პროფესორი ტომაშზევსკა საჯარო ლექციის დაწყებამდე შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ბ-ნ ზურაბ ზურაბაშვილს, უნივერსიტეტის კანცლერს ბ-ნ დავით კვერნაძეს და უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს ქ-ნ მარიკა შერაზადიშვილს. პოლონელ პროფესორს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლიკით.
პროფესორი ტომაშზევსკას ლექცია შეეხო ევროკავშირის ზოგად სოციალურ პოლიტიკას, ევროკავშირის შრომის სამართალს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე იმპლემენტირების ასპექტებს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მსჯელობის სტანდარტსა და კონკრეტულ ქეისებს.
ლექციის მსვლელობისას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ქეთევან ქარელიშვილი, ოთარ მღებრიშვილი, ალექსანდრე სადაღაშვილი, მარიამ თვაური, მარიამ ჭამპურიძე, მაია ქარელიშვილი) დასვეს შეკითხვები, რომლებიც კრიტიკული და ანალიტიკური გააზრებით ეხებოდა ადამიანის უფლებებს, ევროკავშირის შრომის სამართლის ეროვნულ დონეზე ტრანსპოზიციის გამოცდილებას, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ბალანსირებას, შრომით მიგრაციასა და სხვა ასპექტებს.
საჯარო ლექციას ესწრებოდა 73 პირი (56 მდედრობითი და 17 მამრობითი).
პროფესორმა ტომაშზევსკამ დაათვალიერა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ეწვია პოლონურ ოთახს და ჟან მონეს კათედრის კაბინეტს. მას გააცნეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია. ასევე, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში პოლონელი პროფესორი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ რაიონის ისტორიულ ძეგლებს.