ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
28 ოქტომბერი,201628 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “სარაჯიშვილს“ შორის.
აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი დიდი ქველმოქმედისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას - საგანმანათლებლო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, სტუდენტთა საზოგადოებრივი აქტივობის ხელშეწყობას, სააქციო საზოგადოებაში მიმდინარე პროექტებში სტუდენტების ჩართვას, სტაჟირება-პრაქტიკის ფორმატით.
5 წლის ვადით გაფორმებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს: უნივერსიტეტის მხრიდან - ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, სს „სარაჯიშვილის“ მხრიდან - ბატონმა დავით აბზიანიძემ
ამასთანავე, გორის უნივერსიტეტსა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დაწესდა დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია. 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, აღნიშნული სტიპენდია ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამის 3 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის“ თავმჯდომარემ, ბატონმა ნუგზარ ადამაშვილმა.
მემორანდუმისა და შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა ნინო ლიპარტელიანმა წაიკითხა მოხსენება დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანიისა და ფონდის წარმომადგენლებს და გამოთქვა სრული მზადყოფნა ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
სტუმრებს ასევე მიესალმა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა. შეხვედრის ბოლოს სიტყვით გამოვიდა სს „სარაჯიშვილის“ მთავარი ტექნოლოგი, ბატონი დავით აბზიანიძე, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა კომპანიის დღევანდელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.