თურქული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა
17 მარტი,2021მიმდინარე წლის 17 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა, რომლის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა განხორციელდა თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დაფინანსებით.
ცენტრი გაიხსნა საზეიმო ვითარებაში, რის შემდეგაც მხარეებმა იმსჯელეს გორის უნივერსიტეტში თურქული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თურქული ენის შემსწავლელი კურსების განხორციელებაზე, ქალაქისა და რეგიონის მასშტაბით თურქული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და სხვა ერთობლივი აქტივობების შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე განათლების საკითხებში, ბატონი იუქსელ ქარა, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ალი ოღუზან იუქსელი, ქ. გორის მერის მოადგილე, ბატონი პაატა ივანიშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უკვე მიმდინარე სასწავლო წელს შეუძლიათ თურქული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ შეთავაზებულ ენის შემსწავლელ კურსებზე დარეგისტრირება.