ტურიზმის სასწავლო ბანაკი ,,მეგზური”
29 ივნისი,2016გორიდან მე-14 კილომეტრზე, ატენის ხეობაში, საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ინიციატივით, 2016 წლის 27 ივნისიდან - 01 ივლისამდე იფუნქციონირებს ტურიზმის სასწავლო ბანაკი ,,მეგზური”, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ტურიზმისა და ჟურნალისტიკის სპეციალობის 20 სტუდენტი, გაივლის შესაბამის ტრენინგებს და დაეუფლება ტურიზმის ინსტრუქტორისა და ექსკურსიამძღოლისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
ბანაკის საზეიმო გახსნა მოეწყო 28 ივლისს და მის მონაწილეებს მიესალმნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი, მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორი რობერტ მაღლაკელიძე და სხვები.
ბანაკის მოქმედების პერიოდში უამრავი აქტივობაა დასახული (ლაშქრობები, საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები და სხვ.), რაც აღნიშნული სპეციალობის სტუდენტების პროფესიულ წინსვლასა და დაოსტატებას შეუწყობს ხელს. სტუდენტები შეხვდნენ, სამომავლო გეგმები დასახეს და ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრნენ, მათთან სტუმრად ჩასულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პროფესორ გიორგი ხორბალაძესა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილს.