შსს-ს წარმომადგენლები
11 დეკემბერი,201411 დეკემბერს შსს-ს წარმომადგენლებმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია გორი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო და მიულოცა გორის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგსიტრო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გავლა. ასევე, ისაუბრა წამოწყებული კამპანიის მნიშვნელობის შესახებ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამართველოს უფროსმა ლევან გენგაშვილმა, შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლი“-ს ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა რუსუდან ფხაკაძემ, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს შიდა ქართლის გამგეობის კომიტეტის თავმჯდომარე ლამარა შაყულაშვილმა, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ფსიქოლოგმა მაკა ციყელაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ სტუდენტებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრეს. ახალგაზრდებს ასევე განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია და ხაზგასმით აღნიშნეს სამართალდამცველებთან მოქალაქეთა თანამშრომლობის აუცილებლობა, რათა მათ შეძლონ ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დახმარება.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური ვიდეორგოლები უჩვენეს. რგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“, ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.