შეხვედრა
06 მარტი,20152015 წლის 6 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მოადგილეებთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა დაათვალიერა გორის უნივერსიტეტის ახლად გარემონტებული ფლიგელი.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გაცნობა.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პირველი პირების ვიზიტის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, შიდა ქართლის რეგიონში არსებული საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე, როგორც ერთიან სისტემაზე, რომლის ფარგლებშიც, უზრუნველყოფილია მასწავლებლების კომპეტენციების კომპლექსური შეფასება და უწყვეტი განვითარება, ასევე პროფესიაში შესვლის გზები და ის ეტაპები, რომლის შედეგად პედაგოგის კარიერული წინსვლა უნდა განხორციელდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი და აუცილებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარება, მინისტრმა განმარტა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების, საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობა ახალ სისტემაში.
ახალი სქემა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პედაგოგიური კადრების მომზადებასაც ითვალისწინებს, ამიტომ განხილულ იქნა სიახლეები საუნივერსიტეტო დონეზე მასწავლებლების მომზადების პროგრამებში. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ახალი საბაკალავრო პროგრამების დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ექნებათ როგორც დარგობრივი, ისე მეთოდური და პრაქტიკული ცოდნა. მომავალში კი ასეთ კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა იარსებებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა სქემასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინა და მინისტრისთვის კითხვები დაესვა.