შეხვედრა
12 ივნისი,20152015 წლის 11 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა “Fab Lab“ და “i- Lab” ტიპის სამრეწველო და სასწავლო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნა, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ინოვაციების ლაბორატორია - “i- Lab” გულისხმობს იმ ინფრასტრუქტურული ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც უფრო მეტად დააახლოებს სასწავლო პროცესს საბაზრო მოთხოვნებთან. იგი საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან და აწარმოონ მათზე დაკვირვება და კვლევა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - “Fab Lab“ გულისხმობს ქვეყანაში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას, მიზნად ისახავს მკვეთრ გარღვევას საინჟინრო-კვლევითი, საწარმოო სივრცის შექმნის და განვითარების თვალსაზრისით.
მსგავსი ტიპის ლაბორატორიები უკვე შექმნილია თბილისში და ამჯერად ხდება მისი რეგიონებში განხორციელება. შიდა ქართლი შეირჩა ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეგიონად და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აღნიშნული ლაბორატორიები შეიქმნება გორის უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაამუშაონ იდეები და გარდაქმნან პროტოტიპად - შემდეგ პროდუქტად.
შეხვედრის დასასრულს სტუმრები გაესაუბრნენ სტუდენტებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და გაიგეს, არის თუ არა მზაობა შეიქმნას მსგავსი ტიპის ცენტრი გორის უნივერსიტეტში.
ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კომპიუტერული ლაბორატორიები.