შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან
26 თებერვალი,2021მიმდინარე წლის 26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქალბატონ თეა ახვლედიანს.
,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელთან, ბატონ ჯაბა სამუშიასთან ერთად გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს შეხვდა.
ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქალბატონ თეა ახვლედიანს და ბატონ ჯაბა სამუშიას სტუმრობისთვის და აქტუალურ საკითხზე სიმინარის ორგანიზებისთვის. მან მოკლედ მიმოიხილა 1921 წლის ოკუპაციის მიზეზები და შედეგები.
ქალბატონმა თეა ახვლედიანმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე.
ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოკუპაცია დროებითია და ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს.
შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი მამუკა საღარეიშვილი, რომელმაც ასევე მიმართა სტუდენტებს და ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის შედეგებზე.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯაბა სამუშიამ საბჭოთა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართა. სადაც ვრცლად მიმოიხილა პირველი დემოკრატიური რესპუბლიკის ბოლო დღეები, ფრონტის ხაზი და მარცხის მიზეზები.
ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“. სტუმრებმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერეს როგორც საბჭოთა, ასევე მიმდინარე ოკუპაციის ამსახველი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალები. ღონისძიების ფარგლებში თეა ახვლედიანი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად გამოფენაზე გამოტანილი ფოტომასალები გადასცა.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა ჯაბა სამუშიამ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს