სამუშაო შეხვედრა ერასმუს +-ს პროექტის ფარგლებში
10 აპრილი,2023მიმდინარე წლის 10 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერასმუს +-ს პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE )“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი თამაზ შიოშვილი, პროექტ SQUARE-ს კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირმა გრძელიძე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრა გახსნა და დამსწრეებს მიესალმა, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობასა და ადგილობრივ დონეზე უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე, პროექტ SQUARE-ს კოორდინატორმა, ირმა გრძელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე.
პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
პროექტის საქმიანობა საფუძველს დაუდებს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში, ინსტიტუციურ დონეზე.
პროექტის შედეგები წარმოადგენს ეროვნული გარე ხარისხის სისტემის განახლების ბაზისს და იძლევა უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის განახლების საფუძველს გაიდლაინებისა და სწავლების, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიმართულებით.