საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონ კელი დეგნანი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა
06 აპრილი,2022მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონ კელი დეგნანი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა.
გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა აშშ-ს საელჩოს დელეგაციას. ვიზიტის პირველ ეტაპზე სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს, სადაც ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ წულეისკირმა აშშ-ს ელჩს გააცნო ცენტრის ფუნქციონირების მანდატი.
შეხვედრა გაგრძელდა გორის უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სხდომათა დარბაზში, სადაც რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მიმოიხილა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები და მადლიერება გამოხატა ამერიკის საელჩოსა და ზოგადად, ამერიკელი ხალხის მიმართ. შეხვედრის დროს, უნივერსიტეტის რექტორმა ელჩს მადლობა გადაუხადა ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახორციელებს. პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საკუთარი გამოსვლის შემდეგ ქალბატონ ელჩს საჩუქრად გადასცა საავტორო მონოგრაფია „სამაჩაბლოს ისტორია“, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოიცა.
ქალბატონი ელჩი საკუთარ გამოსვლაში გამოეხმაურა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს და ისაუბრა ორი ქვეყნის მყარ, პარტნიორულ ურთიერთობებზე.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მიეცათ საშუალება ქალბატონ კელი დეგნანისგან მიეღოთ ინფორმაცია საელჩოს მიერ შემოთავაზებულ საგრანტო, საგანმანათლებლო და სხვა პროგრამების შესახებ.