საერთაშორისო ფესტივალის „მაჩაბელი“ გახსნა
18 ივლისი,2023გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიხსნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, რომელიც სამი დღის განმავლობაში არაერთ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს დაინტერესებულ საზოგადოებას. „მაჩაბელი“ საქართველოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ხელოვანები.
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ და მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი, საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ნადას ესტერ მეიცადი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, ქალბატონი ფაბიოლა ალბანეზე, რომელსაც თარჯიმნობას უწევდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი მაია ჯიჯავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი შალვა კირთაძე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით რაზმაძე.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური კომპოზიციით წარსდგა გორის უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი ,,კანუდოსი“ და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჩელისტი დეა ხეოშვილი.
დღის განმავლობაში ხელოვნებით დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მოესმინა ხელოვანებისთვის: საქართველოდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
პირველ მასტერკლასს უძღვებოდა თბილისის ფოტოგრაფიის სახლის თანადამფუძნებელი, ბატონი გურამ წიბახაშვილი.
ფესტივალის მეორე პანელს მასპინძლობდა ხელოვანი, დიზაინერი ირაკლი ნასიძე, საფრანგეთიდან, რომელმაც წარმოადგინა ვორქშოფი „სული – ერების სამოსი“.
დღის მეორე ნახევარში აუდიტორიას საშუალება ჰქონდა ენახა ფრაგმენტები 2022 წელს გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმიდან „მუშკეტერის თბილისი“. დასასრულს, რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ ისაუბრა ფილმის შექმნის წინაპირობებსა და იდეაზე, რომელსაც საფუძვლად დაედო ალ.დიუმას „კავკასია’’.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაგრძელდა ფოტოგრაფისა და კინოდოკუმენტალისტიკის სინთეზით. ხელოვანმა ისრაელიდან, ბატონმა გილად რეიხენბაუმმა წარმოადგინა მასტერკლასი „ერთი სურათი და სიმღერა“ (თარგმანის უზრუნველყოფა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნათია შატაკიშვილი).
დღის ბოლოს, საზოგადოების წინაშე წარსდგა ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. გერმანელმა ფოტოგრაფმა, ევა ბრენდშტადტერმა საკუთარი ფოტონამუშევრების მიხედვით ისაუბრა, სხვადასხვა დროს, კავკასიაში მისი მოგზაურობების და გამოფენების შესახებ (თარგმანის უზრუნველყოფა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ სიმონიშვილი).
პირველი დღის მეორე ნაწილს მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ანსამბლი ,,გორი“.
დასასრულს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ შეაჯამეს პირველი დღე და ფესტივალის ყველა მონაწილეს გადასცეს სპეციალური საჩუქრები.