ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, ჯემალ ინჯიას საიუბილეო ღონისძიება
25 იანვარი,2023მიმდინარე წლის 25 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დამსახურებული ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, ჯემალ ინჯიას საიუბილეო ღონისძიება.
საღამოს უძღვებოდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი და პოეტი, გიორგი ხორბალაძე, რომელმაც ბატონი ჯემალის შემოქმედებითი წახნაგების შესახებ ისაუბრა.
დამსახურებულ პოეტს იუბილე მიულოცა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მიმოიხილა ჯემალ ინჯიას შემოქმედება და ხაზი გაუსვა პოეტის სიღრმისეულ, მაღალმხატვრულ კონტექსტებს, რითიც ღირებული და გამორჩეულია ჯემალ ინჯიას სახელი ქართულ ლიტერატურულ რეალობაში.
სიტყვით გამოვიდნენ და იუბილე მიულოცეს: გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი, ქალბატონი ლელა მაისურაძე, გორის მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინა ჯალიაშვილი, პროფესორი მარინე ცერცვაძე და ბატონი ჯემალ ინჯიას მეგობრები.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა წაიკითხეს იუბილარი პოეტის ლექსები და ამავე დროს გაჟღერდა რამდენიმე მუსიკალური ნომერი, რომლებიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდ ,,კანუდოსის“ წარმომადგენელმა, მუსიკოსმა ნიკოლოზ ღვინიაშვილმა, მუსიკოსებმა: თამარ და ჯაბა გიუნაშვილებმა და მათმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
საღამოს ესწრებოდნენ ქალაქის კულტურული სფეროების, მერიის და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ ჯემალ ინჟიას იუბილეს, ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ მრავალი თაობის პოეტის აღზრდას უსურვებს.