ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლა
16 ივლისი,2018გორის უნივერსიტეტში 9 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებდა თურქეთის სამი უნივერსიტეტის - ყარსის, არდაჰანის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელობის რიზეს უნივერსიტეტის 10 და გორის უნივერსიტეტის 10 სტუდენტი.
პროგრამა დატვირთული იყო სამეცნიერო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით. მათ საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულეს შიდა ქართლში მდებარე ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები.
საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი, საელჩოს წარმომადგენლები და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სელჩუკ ქურშად ქოჯა დაესწრო. ელჩმა საზაფხულო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს წარმატებები უსურვა. ქალბატონმა ფატმა ჯერენ იაზგანმა გორის უნივერსიტეტის წარმატებებზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტს და რექტორს, ბატონ გიორგი სოსიაშვილს. ურთიერთობების გასაღრმავებლად ელჩმა გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თურქეთში მიიწვია.
საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს და პროექტის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები.
თურქეთიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა პროექტის განხორციელებისთვის გორის უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები მიიწვიეს თურქეთში. საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონიალი დასრულდა ერთობლივი კონცერტით.