პროფესორ გიორგი სოსიაშვილის რომანის პრეზენტაცია.
09 ივნისი,2022მიმდინარე წლის 9 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯაროს სკოლაში გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის რომანის „გოდების კედელი“ პრეზენტაცია.
სტუმრებს მიესალმა და შეხვედრა გახსნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქალბატონმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა სამინსიტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე მადლობა გადაუხადა ბატონ გიორგი სოსიაშვილს ნაყოფიერი შემოქმედებისთვის და სხვადასხვა ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებიც სამომავლოთაც გაგრძელდება.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბატონი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც, მადლობა გადაუხადა პანკისელ მასპინძლებს გულთბილი მიღებისთვის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს. ავტორმა ისაუბრა რომანის შექმნის წინაპირობებსა და მუშაობის პროცესზე. მიმოიხილა რომანში გაშლილი თემები.
საინტერესო იყო ,,გოდების კედლის“ რედაქტორის, თამარ გელიტაშვილის (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი) მოხსენება, რომელიც რომანზე როგორც რედაქტორის, ამავე დროს, როგორც ლიტერატორის დაკვირვებებს მოიცავდა.
პრეზენტაციაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: ხასო ხანგოშვილი (უხუცესთა საბჭოს წევრი, მწერალი, ისტორიკოსი), ზაურ გუმაშვილი (ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტის პროფესორი), ლამარა მარგოშვილი (დუისის საჯარო სკოლის პედაგოგი, ისტორიკოსი), ნაზი ბორჩაშვილი - (ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი), ბელა მარუქაშვილი (ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საღამოზე რომანის შესახებ ისაუბრა იოსებ ჭუმბურიძემ (საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მრჩეველი, პროფესორი), რომელმაც ხაზი გაუსვა გიორგი სოსიაშვილის წერის კულტურას, ნაწარმოების ქვეტექსტებსა და ორიგინალურ მხატვრულ სახეებს.
დამსწრე საზოგადოების წინაშე გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების შეფასებას სიტყვით შეუერთდნენ გიორგი ხორბალაძე (პროფესორი, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), ჯემალ ინჯია (პოეტი) და ქეთი ჯოლბორდი (გორის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, პოეტი).
შეხვედრას უძღვებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, ქალბატონი მექა ხანგოშვილი.
დუმასტურის სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვით, ქართულ-ჩეჩნური სიმღერებითა და ქისტური ცეკვით გაამრავალფეროვნეს ღონისძიება.