პრეზენტაცია ლიტერატურულ კაფეში
04 აპრილი,2022გიორგი მახარობლიძის სახელობის გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში გაიმართა მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომის ,,მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები" პრეზენტაცია. წიგნის ქართული თარგმანი ეკუთვნის იტალიაში მოღვაწე ქართველ მთარგმნელს და პედაგოგს, მაია ტურაბელიძეს.
ღონისძიება სიტყვით გახსნა გორის უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე მსოფლიო პედაგოგიკის მეთოდიკაში.
გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა განიხილა მთარგმნელობითი საქმიანობის დანიშნულება და კიდევ ერთხელ აღნიშნა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებებისთვის გორის უნივერსიტეტის მუდმივი მზაობა, რაც როგორც უნივერსიტეტის, ასევე რეგიონის დეცენტრალიზაციის საქმეში დიდ როლს ასრულებს.
,,წიგნი დაწერილია მკვლევარ მარიო ვალეს მიერ, რომელიც პარალელს ავლებს მსოფლიო დონის პედაგოგის მარია მონტესორის მეთოდებსა და პედაგოგიკასთან ანუ როგორ გამოიყენებდა ეს უკანასკნელი თანამედროვე ტექნოლოგიებს ბავშვის გონების განვითარებისა და მომავალი თაობის ჩამოყალიბებისთვის. წიგნში განხილულია ბავშვის ანატომია-ფიზიოლოგია, ასაკობრივი ფსიქოლოგია, ყოფითი პირობები, სასკოლო სისტემები, ძველი და თანამედროვე ეპოქა და მონტესორისეული პედაგოგიკა-მეთოდები" - აღნიშნა მთარგმნელმა მაია ტურაბელიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომავლელებს შეუერთდა ლიტერატურული კაფეს ხელმძღვანელი თამარ გელიტაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა გორის უნივერსიტეტსა და მასთან არსებული ლიტერატურული კაფის აქტიურობას მსგავს ღონისძიებებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს ზემოთ აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომის ირგვლივ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა - პაატა ქურდაძემ და ნოდარ მირაზანაშვილმა.
წიგნი საყურადღებოა უნივერსიტეტების პედაგოგიური ფაკულტეტებისთვის, საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების პედაგოგებისთვის, განათლების სამინისტროს მთლიანი სისტემისთვის.
ღონისძიებას გარდა გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისა, ესწრებოდა სალიტერატურო ჟურნალ ,,მწვანეყვავილას" რედაქტორი, მწერალი გიზო თავაძე, რომელიც გორის უნივერსიტეტთან მეგობრობით, გულშემატკივრობითა და თანამშრომლობით გამოირჩევა.
პრეზენტაციის ფინალურ ნაწილში გაიმართა თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების განხილვა-დისკუსია.