ონლაინ ტრენინგ კურსი სწავლა-სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება
19 მაისი,20202020 წლის 18-22 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სპეციალისტებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით, გაიმართა ონლაინ ტრენინგ კურსი, რომელიც ეძღვნებოდა სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს, შეფასების კრიტერიუმებს და სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებულ სხვა კომპონენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებას, დისტანციური და ონლაინ სწავლების ელემენტების ინტეგრირებას უმაღლესი განათლების კონტექსტში.
კურსის მონაწილეები გაეცნენ უმაღლესი განათლების კონტექსტში აპრობირებულ სწავლა-სწავლების ახალ, ინტერაქტიულ მეთოდებს. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებზე, რომელთა სასწავლო პროცესში გამოყენება ხელს შეუწყობს სტუდენტების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, მათში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. ასევე, კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების ხარისხისა და სტუდენტების მოტივაციის გაზრდის მიზნით. კერძოდ, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა შესაძლებლობებს გვთავაზობს დისტანციური და ონლაინ სწავლება და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ტრადიციული სწავლების პარალელურად (ე.წ. შერეული სწავლება).
ტრენინგს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნონა პოპიაშვილი.