ნიკო კეცხოველის პრემია 2018 – „აღმოაჩინე საქართველო“
25 თებერვალი,2018
მიმდინარე წლის 25 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ნახევარფინალური ტური კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია - 2018“ -ში მონაწილე შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სკოლების მოსწავლეებისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, წარმატება უსურვა კონკურის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ გორის უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს უჭერს ასეთი ტიპის ღონისძიებების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობას გარემოსდაცვით, სათემო და საგანმანათლებლო პროექტებში, ხოლო კონკურსის დასასრულს საკუთარი წიგნებით დააჯილდოვა ფინალურ ტურში გადასული სკოლების მოსწავლეები.
კონკურსი მოიცავს გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. მონაწილე სკოლები მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კვლევასა და ადვოკატირებაში, განვითარების პროგრამების შემუშავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში. პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ოკუპირებული შიდა ქართლის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის პირას არსებული სოფლების სკოლები.
ნიკო კეცხოველის ყოველწლიური პრემია 2014 წლიდან ხორციელდება CENN–ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პარლამენტი.
წლევანდელი კონკურსის სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“. კონკურსზე რეგისტრირებული 700–მდე სკოლის გუნდიდან ნახევარფინალში 128 სკოლა გავიდა, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გარემოსდაცვითი, სათემო და საგანმანათლებლო ინიციატივა და პროექტი განახორციელეს.