ნახატების ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
23 დეკემბერი,2021სამეცნიერო თემაზე შექმნილი ნახატების ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ნახატების ეროვნული კონკურსი, რომელიც სამეცნიერო თემატიკას მიეძღვნა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. კონკურსის მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია და მოზარდების ამ სფეროთი დაინტერესება წარმოადგენდა.
I ადგილის მფლობელი მარიამ ქობულაძე (ბათუმი) გახდა, II ადგილი – ლანა მოფინაძეს (ქობულეთი) ერგო, ხოლო III ადგილი – მარიამ ხორგუაშვილმა (გორი) დაიკავა.
წარმოდგენილი ნახატებიდან ჟიურის წევრებმა 10 საუკეთესო ნაშრომების ავტორი გამოავლინეს: ლიზი გვაძაბია (სენაკი), ვერონიკა ჯანგავაძე (წყალტუბო), მარიამ ხუჭუა (თბილისი), მართა გოგლიძე (გორი), ნინო ლოლაძე (თბილისი), ნინო ოთინაშვილი (გორი), ლელა მამუჩიშვილი (გორი), ნიკა გელდიაშვილი (ქარელი), ქეთევან ქერდიყოშვილი (გორი), ანა ივანიძე (გორი).
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, სადაც ასახულია როგორც მეცნიერების განვითარების საწყისი ეტაპები, ისე დღევანდელი რეალობა. მონაწილეებმა თავიანთ ნამუშევრებში ცნობილ უცხოელ მეცნიერებთან ერთად, ქართველი მეცნიერები და მათი დამსახურებაც წარმოაჩინეს.
გამოვლენილი გამარჯვებული ნაშრომები პოსტერების სახით დაიბეჭდა და გორის უნივერსიტეტის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისში გამოიფინა, სადაც შედგა გამოფენა-დაჯილდოებაც.
ღონისძიება ყველა რეგულაციის დაცვით ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.