ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა სტუდენტებთან
12 სექტემბერი,20162016 წლის 8 სექტემბერს, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მეორე დღეს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარლამენტის ევრონულ ბიბლიოთეკაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ელენე ელიშვილი, ანა ალავერდაშვილი, ხატია ნადირაძე, ნინო ნასყიდაშვილი და მარიამ გოჩიაშვილი.შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ნატოს ახალ გამოწვევებზე, მათთან რეაგირების მექანიზმებზე, საქართველოსთან თანამშრომლობის ქრონოლოგიასა და განვითარებაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან თანამშრომლობის არსებულ ფორმატებზე და აღნიშნა, რომ ნატოს არცერთ პარტნიორ ქვეყანასთან არ აქვს თანამშრომლობის იმდენი ინიციატივა და პროგრამა, რამდენიც საქართველოსთან. „ის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მონტენეგროს ჩათვლით აქ იმყოფება, მხარდაჭერის და პარტნიორობის დამდასტურებელი სერიოზული გზავნილი გახლავთ"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოდერირებულ დისკუსიას საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე უძღვებოდა. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გენერალურ მდივანს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი" გადასცა.