მიცვალებულის ფიქალით ნაგები სამარხი
06 ივნისი,2017სოფ. ტინისხიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადგილ ,,გრძელეებში“, სოფლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში აღმოჩნდა მიცვალებულის ფიქალით ნაგები სამარხი, რომელიც დაზიანებული იყო მელიის სოროსაგან. სოროდან გადმოყრილ მიწაში აღმოჩნდა კერამიკული სარკოფაგის სახურავის ფრაგმენტი.
სპეციალისტთა აზრით, ის გარემოება, რომ მსგავსი ნიშნები სამარხის გვერდზეც ჩანს, მიუთითებს ამ ადგილას სამაროვანის არსებობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, განვითარებულ ფეოდალურ ხანას უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ჩანს ადრეფეოდალური ხანის ელემენტებიც.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ადგილის სიახლოვეს ადრეც აღმოჩნდა ფეოდალური ხანის ნასოფლარი, შენობათა საძირკვლის ფრაგმენტები, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ქვევრებისა და თონეების ფრაგმენტები და სხვ.
სამარხი ადგილზე მოინახულეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, ისტორიის დოქტორმა, არქეოლოგმა გიორგი მინდიაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ავაზნელმა.