მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი
30 ოქტომბერი,20182018 წლის 30 ოქტომბრიდან - 1 ნოემბრის ჩათვლით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით და თურქეთის საისტორიო საზოგადოების პატრონაჟით ტარდება რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე „ქართულ-თურქული ურთიერთობები (ქართულ-თურქული ურთიერთობები შუა საუკუნეებში)“.
30 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სიმპოზიუმი, სადაც მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ვრცლად ისაუბრა სიმპოზიუმის ორგანიზების მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა ქართულ-თურქული ურთიერთობებს, როგორც განათლების ისე სხვა სტრატეგიულ სფეროებში. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით რაზმაძე, თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრი და სამსუნის 19 მაისი უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი იბრაჰიმ თელლიოღლუ და სამსუნის 19 მაისი უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ჰიქმეთ ოქსუზი.
საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის 9 უნივერსიტეტის და საქართველოს 6 უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის პირველ დღეს გაიმართა პლენარული სესია, სადაც მოხსენებები გააკეთეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა და ინონუს უნივერსიტეტის პროფესორმა სალიმ ჯოჰჩემ. სექციური მუშაობისას წარმოდგენილი იყო 13 მოხსენება.
აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის პირველ სამუშაო დღეს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომელთაც სიმპოზიუმის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე გადაეცემათ გორის უნივერსიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი სერტიფიკატი.
საერთაშორისო სიმპოზიუმზე "ქართულ-თურქული ურთიერთობები" წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო შრომების კრებულში, რომელიც გორის უნივერსიტეტის ახლად დაარსებულ გამომცემლობაში დაიბეჭდება.