მეღვინეთხუცესიშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
18 ნოემბერი,2015საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის - საქართველო 2015“-ის ფარგლებში, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ინიციატივით, 17 ნოემბერს ჩატარდა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს 14 უმაღლესი სასწავლებლისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 36-მა მეცნიერმა და მკვლევარმა.
კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ოთხმეზური, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის კურატორი, პროფესორი ელენე კავლელაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ეთერ ქავთარაძე და სხვები. პლენარულ სხდომაზე მოხსენება წაიკითხა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა. შემდეგ მუშაობა წარიმართა სექციებში, სადაც მოისმინეს მოხსენებები როგორც დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის, ასევე ქართული არქეოლოგიის, წყაროთმცოდნეობისა და ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კონფერენციის წინა დღეს, 16 ნოემბერს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის განახლებული საფლავი, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა გორი-ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ.