კონგრესი
26 ივნისი,20182018 წლის 18-19 ივნისს არისტოტელეს სახელობის სალონიკის უნივერსიტეტში (საბერძნეთი) გაიმართა შავი ზღვის აუზის უნივერსიტეტის ქსელის მიერ ორგანიზებული კონგრესი და შავი ზღვის აუზის უნივერსიტეტების რექტორების რიგით მე-13 კონფერენცია, სადაც მიწვეულები იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი.
ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა შავი ზღვის აუზის უნივერსიტეტის ქსელის კონგრესი თემაზე „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები შავი ზღვის აუზის ქვეყნებში“. კონგრესის პლენარულ სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს არისოტელეს სახელობის სალონიკის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პერიკლას მიტკასმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) აღმასრულებელმა მდივანმა, ბატონმა მაიკლ ხრისტედისმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო ქსელის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯეფრი საქსმა, ევროკომისიის უმაღლესი განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ვანესა დებიას-სანტონმა და ნასა-ს მეცნიერების მენეჯმენტის პროგრამის მკვლევარმა, პროფესორმა არგირო გავადამ. კონგრესის სექციური მუშაობა სამი მიმართულებით გაგრძელდა, სადაც უმაღლესი განათლების განვითარების სექციაზე მოხსენებები გააკეთეს პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა.
კონგრესის ბოლო სესია დაეთმო შავი ზღვის აუზის უნივერსიტეტის ქსელის სამომავლო აქტივობების განხილვას და უნივერსიტეტებს შორის ბილატერული კავშირების დამყარებას. ამ სესიის მიმდინარეობისას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორთან, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ისეთ სფეროებში როგორიც არის სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობა, სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივი მობილობის პროგრამების განხორციელება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება არისოტელეს სახელობის სალონიკის უნივერსიტეტთან, ბუქარესტის უნივერსიტეტთან, ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტთან და ვინიცას ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტთან.
ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა შავი ზღვის აუზის უნივერსიტეტის ქსელის წევრი უნივერსიტეტების რექტორების რიგით მე-13 კონფერენცია. კონფერენცია გაიმართა ქალაქ სალონიკის მერიის შენობაში, სადაც მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და ასევე, 2 წლის ვადით აირჩიეს შავი ზღვის აუზის უნივერსიტეტის ქსელის ახალი პრეზიდენტი.
შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი, რომლის წევრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც არის, შავი ზღვის რეგიონის აკადემიურ დაწესებულებათა კოოპერაციული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის განვითარებას და განათლების, მეცნიერული კვლევების, ინოვაციებისა და კულტურული თანამშრომლობის ჰარმონიულ თანაარსებობას.
დღესდღეობით, ქსელში გაერთიანებულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის 120 უნივერსიტეტი. გაერთიანების წევრი ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა.