Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის დათვალიერება
23 ივნისი,2021მიმდინარე წლის 23 ივნისს გორის უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, უმაღლესი განათლების და მეცნიერების დეპარტამენტის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ზაზა მარუაშვილი, უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი მაია შუხოშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი თათია მთვარელიძე. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სივრცეში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისისთვის გამოყოფილი კუთხე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყებს ფუნქციონირებას.
აღნიშნულ ოფისში დაწყებულია კედლის მოხატვა სამეცნიერო თემატიკის ნახატით, რომელსაც Horizon2020 პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში გამოცხადებული კედლის მხატვრობის კონკურსის გამარჯვებული, მხატვარი ხვიჩა წენგუაშვილი ასრულებს. სამეცნიერო თემატიკის მხატვრობის პოპულარიზაციის მიზნით, ესკიზის ავტორმა, მხატვრის მასტერკლასი გამართა გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საგრანტო ოფისის კედლის მოხატვაში. მასტერკლასი ასევე ითვალისწინებდა გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო თემატიკის ნახატების კონკურსის გამოცხადებას, რომლის შესახებაც დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესრმა გიორგი სოსიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა.
საუბრის დროს, ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების, მოზარდების ჩართულობას მსგავს პროგრამებში და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით მათი გააქტიურების აუცილებლობას.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.