გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი “ერასმუსი”-ს კვირეულზე
16 მაისი,2019
მიმდინარე წლის 13-16 მაისს რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ერასმუსი”-ს კვირეული მიმდინარეობს, რომელსაც რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. აღნიშნული უნივერსიტეტი “ერასმუსი”-ს კვირეულს უკვე მესამე წელია, რაც მასპინძლობს. მასში მონაწილეობას იღებენ: იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და ბელარუსის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აღნიშნულ კვირეულზე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის, პროფესორ რუიზან მექვაბიძის სახით არის წარმოდგენილი.
14 მაისს პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მარია ამატა გარიტოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური კავშირის გაღრმავებაზე, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები, რომელიც მოიცავს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო აქტივობების განხორციელებას და ელექტრონული სწავლების მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.
15 მაისს პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა ისაბელ I-ს უნივერსიტეტის (ესპანეთი), მინიოს უნივერსიტეტის (პორტუგალია), მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტზე, მიმოიხილა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები ინსტიტუტიცური ინტერნაციონალიზაციის კუთხით და გამოთქვა მხარეებთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლის და ერთობლივი სამეცნიერო აქტივობების განხორციელების მიმართულებით.
“ერასმუსის” კვირეული დაფინანსებულია რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ევროკომისიის მიერ.