გერმანული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
04 ივნისი,2023
მიმდინარე წლის 3 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა გერმანული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "გერმანული ენა დიდებისა და პატარებისთვის" "Deutsch für Groß und Klein". დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურების შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორები: გერმანიის საელჩო, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ (PASCH), გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია (DVG), შვეიცარიის საელჩო, ავსტრიული ბიბლიოთეკა, ავსტრიის საელჩო, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა და გერმანული ევანგელისტური საზოგადოება.
ღონისძიება გახსნა გერმანიის ელჩის მოადგილემ, ქალბატონმა ტანია ჰუტმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და ყველა დაინტერესებულ პირს აქტიურობისთვის და ხაზი გაუსვა გერმანული ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის პროექტს, რაც ითვალისწინებს უპირველეს ყოვლისა გერმანული ენის პოპულარიზაციას, მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობას, ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაძლიერებას საუნივერსიტეტო და სასკოლო დონეზე შიდა ქართლში და საერთოდ საქართველოში, ასევე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას გერმანულენოვან ინსტიტუციებთან.
სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მიმოიხილა ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორია. ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას. სტუმრებს ასევე მიესალმნენ გორისა და ქარელის საგანამანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ქალბატონი ნანა ტერმაკოზაშვილი და ბატონი გიორგი კობახიძე.
შეხვედრა მუსიკალურად გააფორმა გერმანელმა მუსიკოსმა, ბატონმა როლფ ბარეისმა.
აქტივობები განკუთვნილი იყო ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის: სკოლამდელი, მოსწავლეთა და სტუდენტებისთვის, ასევე მშობლების და პედაგოგებისთვის.