გამოიცა პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნი
25 აპრილი,2019გამოიცა, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნი „სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ეგზარქოს ვლადიმერის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ“.
1897 წელს საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი) შიდა ქართლს ესტუმრა. საქართველოს ამ უძველეს კუთხეში რუსეთის წმიდა სინოდის მიერ დანიშნულმა უმაღლესმა სასულიერო იერარქმა რამდენიმე დღე დაჰყო და 49 ეკლესია მოინახულა. სოფლებში მას როგორც მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი, ისე უბრალო მოსახლეობა ხვდებოდა. ეგზარქოსი გაეცნო მოქმედ ეკლესიებში არსებულ მდგომარეობას. დაათვალიერა სასულიერო სასწავლებლებიც. ეგზარქოსის შიდა ქართლში მოგზაურობის ამსახველი ჩანაწერები ვლადიმერ ბოგოიავლენსის მიერ ბერად აღკვეცილმა იღუმენმა კირიონმა (მომავალში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ) რუსულ ენაზე ჯერ პერიოდულ სასულიერო გამოცემაში „Прибавления к „Духовному вестнику Грузинского Экзархата“, რამდენიმე ნაწილად გამოაქვეყნა, შემდეგ კი ცალკე წიგნად, „ И. К.“ ინიციალებით, გამოსცა. კირიონის თხზულება, რომელიც დღეს იშვიათობას წარმოადგენს, ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. ვფიქრობთ, წიგნი საინტერესო იქნება როგორც ისტორიკოსთათვის, ისე ფართო მკითხველისთვისაც.
რედაქტორები: პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი, ასოც. პროფ. იოსებ ალიმბარაშვილი.