გაეროს ბავშვთა ფონდის დელეგაციის წევრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
03 ნოემბერი,2022მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ბატონ ღასან ხალილს უმასპინძლა.
გაეროს ბავშვთა ფონდის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტში გახსნილი ბავშვთა უფლებების ცენტრი, მოისმინეს პრეზენტაცია უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში და გამართეს დისკუსია სამომავლო აქტივობებზე, მათ შორის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ კვლევით პროექტებზე და UNICEF-ს დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დაგეგმვაზე, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართება.
ბატონ ღასან ხალილი ასევე ეწვია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ტელევიზია „აუდიტორია 211“-ს, სადაც ისაუბრა ბავშვთა უფლებების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობაზე.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დელეგაციის წევრები ჩავიდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კარალეთის N 2 საჯარო სკოლაში. გაეროს ბავშვთა ფონდმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ ბავშვის უფლებათა ცენტრთან ერთად კარალეთის #2 საჯარო სკოლას ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა, რომელიც ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისა და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო ცენტრის შესაქმნელადაა გამიზნული. გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კარალეთის N 2 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბატონი თამაზ შიოშვილი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, ქალბატონი ანი კუდუხაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა ტერმაკოზაშვილი და საჯარო სკოლის პედაგოგები.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის მაისში ხელი მოაწერეს საპროექტო ხელშეკრულებას, რომელიც მიზად ისახავს უნივერსიტეტისა და ბავშვის უფლებათა ცენტრის ინსტიტუციური და აკადემიური პერსონალის გაძლიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ადვოკატირების გაწევას და უნივერსიტეტის მხარდაჭერას, გახდეს ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი ინკლუზიურ განათლებაში.