ევროპის დღეები
22 მაისი,2017მიმდინარე წლის 19-20 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტების 40-მდე სტუდენტისთვის, თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი სემინარი ჩატარდა თემაზე - „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“.
სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. თავდაცვის მინისტრმა ლექცია თემაზე: „ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველო“ წაიკითხა, ხოლო ნინო ბოლქვაძემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორი დღის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი, საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში, ასოცირების შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება, რელიგიური მრავალფეროვნება ევროკავშირში, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და სხვ.
სემინარში გორის უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ხუთმა სტუდენტმა. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიდან - გვანცა ხაბელაშვილმა, უტა გოგიძემ და უჩა ყველაშვილმა; ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან - თამარ ხანიშვილმა და ლიკა ბალიაშვილმა.
სემინარი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროპის დღეების ფარგლებში მეორე წელია იმართება. ევროპის დღეები საქართველოში 25 მაისამდე გაგრძელდება.