ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნა
27 აპრილი,2022გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა.
მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სხელმწიფო სასავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ბატონ ღასან ხალილს უმასპინძლა.
გაეროს ბავშვთა ფონდის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტში გახსნილი ბავშვთა უფლებების ცენტრები და ასევე, დაესწრნენ ტრენინგ მოდულს მოსწავლეთათვის „დემოკრატია და მოქალაქეობა“, რომელსაც ქალბატონი არინა თავაქარაშვილი უძღვება.
ვიზიტის დასასრულს მხარეებმა გამართეს დისკუსია სამომავლო აქტივობებზე, მათ შორის გორის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო სკოლა“ გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების აღნიშნული ცენტრი შიდა ქართლის რეგიონში პირველია. მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს შიდა ქართლში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ.
გაეროს ბავშთა ფოდნის მხარადჭერით უნივერსიტეტში ხორციელდება 15 ტრენინგ-მოდული შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული პერსონალი უძღვება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი ასევე დაარსდა ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, ასევე, მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.