ახალგაზრდული პარლამენტი
14 აპრილი,20152015 წლის 4-6 აპრილს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით გორის პირველი რეგიონული შერჩევითი კონფერენცია გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების როლზე თანამედროვე საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების პროცესში.
საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ევროინტეგრაცია. ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, რეგიონებში სიტუაცია გაცილებით საგანგაშოა, ვინაიდან, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს იშვიათად ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა არასასკოლო(არასაუნივერსიტეტო) აქტივობებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ ამ საკითხებთან მიმართებით, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, დაეუფლონ საჯარო გამოსვლისა და დებატების კულტურას და გაიმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა.
გორის პირველი რეგიონული შერჩევითი კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა გორის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ჩართვა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობაში, რაც მათ საშუალებას მისცემთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფორუმებსა და სესიებზე.
პროექტში მონაწილეობას ღებულობდა 60 დელეგატი.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.