არქეოლოგიური გათხრები

15 ოქტომბერი,2021

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი აგრძელებს არქეოლოგიურ გათხრებს სოფელ ქვემო ნიქოზში, ბადრი დევიძის კერძო ნაკვეთში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ - ფარგლებში.
2021 წლის 14 ოქტომბერს სამუშაო ჯგუფი, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის (პროექტის ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორის იოსებ ალიმბარაშვილის (პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი), არქეოლოგ ირაკლი სოზიაშვილის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების: სოფიკო სეხნიაშვილის, სალომე გელდიაშვილის, თეონა მამესწარაშვილისა და თეონა ქოქაშვილის შემადგენლობით, კვლავ ეწვივნენ სოფ. ნიქოზს, სადაც ჯგუფმა სამუშაოები გააგრძელა N1 და N4 სადაზვერვო თხრილებში. ამათგან N1– ში, რომელიც შედარებით გაფართოვდა, ცენტრალურ ნაწილში გამოვლენილი ცეცხლით გაწითლებული და ზოგან სიშავემდე მისული მიწის ლაქის რაობის გასარკვევად, თანდათან გამოიკვეთა ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურა, რომელსაც ერთი გვერდი (სიგრძით 0,7მ.) სწორი აქვს.
N2 და N3 თხრილში ადამიამის საქმიანობის ხელუხლებელი კვალი არ დადასტურდა; მხოლოდ N2 თხრილის, გუთნით მოხვნისას დარღვეულ, ნიადაგის 20 სმ. სისქის ფენაში აღმოჩნდა, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული, სასუფრე ჭურჭლის (ოინოჰოია?) ყელისა და მხრის შეერთების, ძლიერ დეფორმირებული ფრაგმენტი.
მოულოდნელად ძველი უნდა იყოს N4 თხრილში გამოჩენილი სამარხის ნაშთი, რაზეც მიგვითითებს ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური, მტკვარ–არაქსის არქეოლოგიური კულტურისათვის დამახასიათებელი ფორმა და დამზადების ტექნოლოგია (ჩარხის გარეშე, ხელით ძერწვა). მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 1მ–ის სიღრმეზე გამოვლენილი სამარხი ორმოს ზედა ნაწილი ღრმად მოხვნის (პლანტაჟის) შედეგად არის დაზიანებული, ხერხდება იმის გარკვევა, რომ მართკუთხედის გეგმის მქონე სამარხის ორმო სამხრეთ–ჩრდილოეთის ხაზზეა დამხრობილი; დღეისათვის სამარხში გამოვლენილი მიცვალებულის ძვლოვანი ნაშთების (ქალა და წვივის ძვალი) მიხედვით, წინასწარულად შეიძლება ითქვას, რომ ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს (ძვ.წ.III ათასწ. შუა ხანები) გაჭრილ ამ სამარხში მიცვალებული ხელ–ფეხმოხრილ პოზაში დაუკრძალავთ, თავით სამხრეთაღმოსავლეთისკენ და თან თიხის მცირე ზომის ქოთნით სასმელი ან საჭმელი („საგზალი“) გაუტანებიათ.
არქეოლოგიური გათხრები კვლავ გრძელდება, რის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მივაწოდებთ დაინტერესებულ საზოგადოებას.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა