არქეო-გეოფიზიკური კვლევები
27 ოქტომბერი,2017გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ 2017 წლის აგვისტოში გორის ციხეზე ჩატარდა არქეო-გეოფიზიკური კვლევები. კვლევა მიზნად ისახავდა გეორადიოლოკაციისა და ელექტრული მეთოდების გამოყენებით არქეოლოგიურად საინტერესო ობიექტების გათხრების გარეშე გამოვლენას და მათი ლოკაციის განსაზღვრას. 2017 წლის 26 ოქტომბერს გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრში მოეწყო გორის ციხეზე ჩატარებული არქეო-გეოფიზიკური კვლევის შედეგების პრეზენტაცია. გორის სასწავლო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ჯ. ქირიამ, გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად , დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის მეთოდის თავისებურებები და შესაძლებლობები. როგორც ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, გორის ციხის ციტადელსა და მის ძირთან, მთელ პერიმეტრზე არსებობს მიწის ქვეშ 0 – 6 მეტრ სიღრმეზე დამარხული მრავალი ობიექტი, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ გეოფიზიკურ და არქეოლოგიურ კვლევას.
დამსწრეებმა აღნიშნეს გორის ციხის არქეო-გეოფიზიკური კვლევის დიდი მნიშვნელობა, კულტურული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის ტურისტულ ობიექტად ადაპტაციის, მისი სანახაობრივი ღირებულების ამაღლების კუთხით.
გამოითქვა აზრი გორის ციხის არქეო-გეოფიზიკური კვლევების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ კვლევებში არქეოლოგიური მიმართულების გაზრდის, კერძოდ, პარალელურად, არქეოლოგიური სადაზვერვო თხრილებით გეოფიზიკური კვლევის შედეგების გადამოწმების თაობაზე.
პრეზენტაციაზე დამსწრე შიდა ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნეს გორის ციხის ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბების ეკონომიკური მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომი კვლევების მხარდასაჭერად.