2019-2020 სასწავლო წლის დაწყება
16 სექტემბერი,201916 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა მათ და ისაუბრა უნივერსიტეტში განხორციელებულ სიახლეებზე.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, რომელმაც სტუდენტები დალოცა და წარმატებები უსურვა ახალ სასწავლო წელს.
სტუდენტებს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით მიესალმა, მხარის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე, ბატონი ნუგზარ სამხარაძე.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფსორი დავით ჩოჩიშვილი.
საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ გორის უნივერსიტეტში დასაქმებული კურსდამთავრებულები - თამარ ნადირაძე და რატი მარიამიძე, რომელთაც ისაუბრეს გორის უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდზე, მზაობა გამოთქვეს, რომ უკვე ახალ ამპლუაში საკუთარი წვლილი შეიტანონ მშობლიური უნივერსიტეტის განვითარებაში. თანატოლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნათია მეგრელიშვილმა და სტუდენტმა ნანი ოქროპირიძემ.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს!