
საერთაშორისო კონფერენცია - „უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში: საერთო საგანმანათლებლო ღირებულებები“
17 ოქტომბერი,20142014 წლის 9-11 ოქტომბერს, სტამბულში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შავი ზღვის აუზის ოპერაციების ერთობლივი პროგრამა 2007–2013“ - შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელი - UNIVER-SEA.NET (http://www.univer-sea.net) ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში: საერთო საგანმანათლებლო ღირებულებები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რუმინეთის, მოლდოვას, თურქეთის და საქართველოს 60-ზე მეტმა უნივერსიტეტმა. პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეიტანეს ღირებული წვლილი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შავი ზღვის რეგიონში.
კონფერენციის მიზანია თანამშრომლობის ქსელის შექმნა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტები შეძლებენ გაცვალონ საუკეთესო გამოცდილება, პუბლიკაციები და სასწავლო კურსები, შექმნიან ბუნებრივ საფუძველს სხვადასხვა ეროვნების, კულტურის და რელიგიის სტუდენტებისა და პროფესორების დიალოგისათვის და ხელს შეუწყობენ სპეციფიკური საგანმანათლებლო ღირებულებების განვითარებას.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმები, დაისახა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ერთობლივი სასწავლო კურსის შეთავაზება და წარმატებულ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ხოლო ხუთი წარჩინებული სტუდენტი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას თურქეთის ორ - ქარაბუქის და აიდინის უნივერსიტეტში. სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:
1. მულტიკულტურიზმი და იდენტურობა (ქარაბუქის უნივერსიტეტი, თურქეთი)
2. ინტერკულტურული კომუნიკაცია (მოლდოვას უნივერსიტეტი)
3. კონფლიქტის გადაწყვეტა (ანდრეი საგუნას უნივერსიტეტი, რუმინეთი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო)
4. სოციალური მეწარმეობა (აიდინის უნივერსიტეტი, თურქეთი)
საქართველოს მხრიდან მთავარ ბენეფიციარმა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თავის მხრივ პროექტში ჩართო საქართველოს კიდევ 12 უნივერსიტეტი. კონფერენციაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.