
ნართების ეპოსისა და ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაცია
27 ივნისი,2014ნართების ეპოსისა და
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული
ლექსიკონების პრეზენტაცია
2014 წლის 27 ივნისს, გორის უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემისა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემის პრეზენტაცია.
ნართების ეპოსი ოსური ზეპირსიტყვიერების შედევრია, სადაც წარმოდგენილია მარადიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები. ეს არის სამყარო, რომელშიც უმაღლესი ეთიკური და მორალური წესების დამცველი გმირები არიან გაერთიანებულნი. ნართების ეპოსი ქართულ ენაზე თარგმნა პროფ. ნაირა ბეპიევმა. კრებულში შესული ტექსტების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ნართების ეპოსი მხატვრულად გააფორმეს ქართველმა და ოსმა მხატვრებმა. წიგნში შესულია მახარბეგ თუღანოვის, შალვა ბედოევის, დავით პოპიაშვილის, ლევან სილაგაძისა და სხვათა ნახატები. ნართების ეპოსს ახლავს კომენტარები, ტექსტების პასპორტიზაცია და სხვა.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები სრულიად ახალი მოვლენაა ქართველებისა და ოსების კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მოიცავს მთლიანობაში 50 000-ზე მეტ სიტყვას, ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორია ნაირა ბეპიევი. ლექსიკონებს ერთვის ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (აკადემიკოსი ვასილ აბაევი) და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვა.
როგორც ნართების ეპოსის ორენოვან გამოცემაზე, ასევე ლექსიკონების გამოცემაზე მუშობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები და მთარგმნელები თბილისიდან და ცხინვალიდან.
წიგნების გამოცემები ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა “COBERM-ის“ მხარდაჭერით საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკას“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.