
მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში
15 სექტემბერი,2022
მიმდინარე წლის 12-14 სექტემბერს, ,,ერასმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“ კონსორციუმის წევრებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ტრენინგები ჩაატარეს ფინელმა (ტურკუს უნივერსიტეტი) და ბელგიელმა (European Foundation for Management Development) ექსპერტებმა, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების წარმოადგენლებთან ერთად განიხილეს საუნივერსიტეტო მესამე მისიის აქტივობების მართვისა და გავლენის შეფასების საკითხები.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე კონსორციუმის წევრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან თავის მისასალმებელ გამოსვლაში ისაუბრა საუნივერსიტეტო მესამე მისიის აქტივობების მართვის საკითხებზე, ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებაზე და წარმატეტები უსურვა მონაწილეებს.
აღნიშნული პროექტის კოორდინატორია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროექტის საქმიანობა საფუძველს დაუდებს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში, ინსტიტუციურ დონეზე. პროექტის შედეგები წარმოადგენს ეროვნული გარე ხარისხის სისტემის განახლების ბაზისს და იძლევა უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის განახლების საფუძველს გაიდლაინებისა და სწავლების, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიმართულებით.